შალვა პაპუაშვილი - იმედია, წარმატებული დღე იქნება და შეთანხმება შედგება, ჩვენი ყველა შეთავაზება სამართლიანია, ოპოზიციას მოუწევს დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები
მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მედიატორი, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა შეთავაზება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ შედგეს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება.
„სასიხარულოა, რომ მედიატორი საქართველოში დარჩა. მან იფიქრა, არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება იყოს მიღწეული და დღეს ოპოზიციას ხვდება, რათა შეთანხმდეს ის საკითხები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან ღიაა.
რაც შეეხება ჩვენს განწყობას, ჩვენი ყველა შეთავაზება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი შეთანხმება, რომელიც საქართველოს სჭირდება. ამ პრინციპებიდან გამომდინარე ჩვენ ნებისმიერი შეთანხმებისთვის მზად ვართ. იმედია, დღეს წარმატებული დღე იქნება და შეთანხმება შედგება.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, შეთანხმებით, თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორები გაიგებენ, რომ მთელ ამ პროცესში, „ქართული ოცნება“ იყო სწორედ ერთადერთი პარტია კონსტრუქციული მიდგომებით, ეს მტკიცდება ფაქტებიდაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიციას დიალოგის პროცესში მოუწევს დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები.
„ოპოციზიას აქვს ორი ულტიმატუმი. პრინციპი არის სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული ულტიმატუმები პრინციპი არ არის, ამიტომ მოუწევთ დიალოგის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები. ამიტომ ულტიმატუმების ნაცვლად, კომპრომისების დროა. ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე და ჩვენი პოზიციები სიმართლეს ეფუძნება. ყველა ჩვენი შეთავაზება არის კონსტრუქციული და სამართლიანი, ისეთი, რომელზეც ობიექტურად უარის თქმა არის შეუძლებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.