შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ოპოზიციაში გაიღვიძებს ემოციური მუხტი, რადგან დღეს მთელი ევროპა გვეუბნება, რომ ქვეყნის ჯანჯღარი აწყობს მხოლოდ რუსეთს
იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ამ ოპოზიციაში გაიღვიძებს ემოციური მუხტი, რადგან დღეს მთელი ევროპა გვეუბნება, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათ მიერ ქვეყნის ჯანჯღარი აწყობს მხოლოდ რუსეთს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენს ოპონენტებში არის ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მოწოდებულია, ჩაშალოს ყოველგვარი შეთანხმება და პირდაპირ მოწოდებულია, რომ ბოლომდე შეეცადონ ჩვენ პარლამენტსა და საპარლამენტო დემოკრატიას შეუქმნან პრობლემა. გვაქვს იმ სხვა ჯგუფების იმედი, რომელიც მათ შორის ღიადაც საუბრობს, საჭირო არის გარკვეული შეთანხმებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, არიან პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო რაციონალურად უყურებენ არსებულ ვითარებას.
„ჩვენი შეთავაზებები კიდევ ერთხელ დევს მაგიდაზე, არაერთხელ გვითქვამს, რომ ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი და საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდებიან, რომ ერთადერთი ძალა, ვინც იყო კონსტრუქციული ამ მოლაპარაკების დროს, იყო „ქართული ოცნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მოვა დრო და ყველა დეტალი გახდება ცნობილი.
„რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, შემიძლია ზოგადად გითხრათ ერთი რამ, რომ ჩვენი შეთავაზებები ემყარებოდა რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომელიც ეყრდნობა სამართლიანობას, ისეთ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია და ჯდება იმ სისტემაში, რომელიც საჭიროა საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.