შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, მეორე მოსმენაზე ამნისტიის კანონპროექტს მეტი ოპოზიციონერი დაუჭერს მხარს
იმედი მაქვს, მეორე მოსმენაზე ამნისტიის კანონპროექტს მეტი ოპოზიციონერი დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება ამნისტიის მიღებას, არღვევენ 19 აპრილის შეთანხმებას.
„19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიის მიღებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპონენტების ნაწილი, რომელიც საერთოდ ეწინააღმდეგება ამნისტიის მიღებას, არღვევენ ამ შეთანხმებას, ხოლო მეორე ნაწილი თავისებურად განმარტავს ამნისტიის შინაარსს. მაგალითად, 19 აპრილის ტექსტში მოხსენიებულ სიტყვას „ყველას ზღუდავს“ განმარტავს სხვანაირად და ამბობს, რომ ყველაში იგულისხმება მხოლოდ ნაწილი, რაც არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ენობრივი აბსურდიც არის.
„ქართული ოცნების“ მიერ შედგენილი კანონპროექტი სრულად, როგორც სიტყვასიტყვით, ისე სულისკვეთებით შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას და მნიშვნელოვანია, ჩვენმა ოპონენტებმა მხარი დაუჭირონ მას. პირველი მოსმენით სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ევროპელმა სოციალისტებმა“, „მოქალაქეებმა“ და „გირჩმა“ მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს და იმედი მაქვს, მეორე მოსმენით კიდევ უფრო მეტი პარტია დაუჭერს მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.