შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, აშშ-ის შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიიღეს ფარცხალაძის დასანქცირების გადაწყვეტილება, გამოძიება მტკიცებულებებს ელოდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედი აქვს, აშშ-ის შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომლის საფუძველზეც მიიღეს ოთარ ფარცხალაძის სანქცირების გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, გამოძიება აღნიშნულ მტკიცებულებებს ელოდება.
„გამოძიება მიმდინარეობს და, მათ შორის, ითქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს მიმართა, მათ წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი მაქვს, რომ მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. ეს მტკიცებულებებია მთავარი საფუძველი, გამოძიება წარმატებული რომ იყოს. ვინც ბრალი დასდო, იმ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, რომ მტკიცებულებები წარმოადგინოს და გამოძიება ამ მტკიცებულებებს ელოდება. ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება სანქციებთან დაკავშირებით. მოსამართლეებს სავიზო შეზღუდვა როცა დაუწესდათ, მაშინ პირდაპირ, უხეშად უთხრეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, მაშინდელმა ელჩმა, რომ, როდესაც მოსამართლეებს აბრალებენ კორუმპირებულობას, ისინი საჭიროდ არ თვლიან, რაიმე მტკიცებულება წარმოადგინონ ამასთან დაკავშირებით, რაიმე პასუხისმგებლობა აქვთ ქართული საზოგადოების წინაშე, მაგრამ იმედი მაქვს, მტკიცებულებები თუ არსებობს, წარმოდგენილი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.