შალვა პაპუაშვილი - იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო
იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტზე ზეწოლა იყო გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვხედავდით, რომ დიდი ზეწოლა იყო პრეზიდენტზე ამ შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს ჩანდა. იყო ღიაც და არა ღიაც ეს ზეწოლა პრეზიდენტის მიმართ. იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ერთი რამ არის მთავარი, ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რომ გადაწყვეტილება, განაჩენი იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული; რა თქმა უნდა, მოტივად ვერ დაასახელებდა ჰუმანურობას, ვინაიდან თავად მსჯავრდებული არ ითხოვდა შეწყალებას და, რა თქმა უნდა, მიზეზად ვერ დაასახელებდა დეპოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამის მოტივი იყო დეპოლარიზაცია. ვნახოთ, რაც არის გადაწყვეტილება, მივიღოთ ასე, დრო ყველაფერს განსჯის. რაც შეეხება დეპოლარიზაციის მიზეზად მოტანას, გვესმის ჩვენ, მათ შორის, როდესაც ზეწოლა იყო პრეზიდენტზე, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იყო ღიად ყოველ შემთხვევაში საუბარი, თითქოს ეს იყო მოტივი ან მიზანი და ახლაც გვესმის ზოგიერთი კოლეგის მხრიდან ასეთი შეფასება. ასე ვთქვათ, დეპოლარიზაცია რომ ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ თავის დროზე, იქნებოდა ეს გიგი უგულავას შეწყალება თუ სხვა ასეთი შეწყალებები, მაშინაც იყო საუბარი, რომ ეს დეპოლარიზაციის გამო ხდებოდა და რამდენად უფრო გაუარესებული პოლარიზაცია მოგვიტანა, ესეც დავინახეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი, ვინც პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებენ და ამბობენ, თითქოს ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ ოპოზიციის მხარეს.
„ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას. ჩანს, რომ პასუხისმგებლობასაც იღებენ თავიანთ თავზე ჩვენი პარტნიორები. ამიტომ, თუკი ეს მათი ხედვაა, ახლა დრო არის, მგონი, რომ ვინაიდან ბურთი ახლა ოპოზიციის მხარეს არის, დაელაპარაკონ ოპოზიციას, რომ შეცვალონ პოლიტიკური დღის წესრიგი. ჩვენ, სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს იმ წარსული გამოცდილებიდან, რომელიც წინა შეწყალებებს ჰქონდა, რომ არანაირი დეპოლარიზაცია ამას არ მოუტანია. ამიტომაც არის, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ვერცერთი მოტივი ამ გადაწყვეტილების ვერ დაასახელა, ვინაიდან რეალური მოტივები, მისი დასახელება მძიმე იქნებოდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა. ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვა.