შალვა პაპუაშვილი - იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, 26 მაისს სალომე ზურაბიშვილი იყოს არა გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ აღმატებული გრძნობით, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შარშან, 26 მაისის ღონისძიებაზე ქართული ჯარის წინაშე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მის თანამდებობასთან შეუფერებელი იყო.
პაპუაშვილის თქმით, 26 მაისი არის დღე, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს.
„ღონისძიების ორგანიზატორია თავდაცვის სამინისტრო, შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო არის განმსაზღვრელი მის შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამოსვლებს, კი, ჩვენ შარშან ვნახეთ ქალბატონი სალომეს გამოსვლა, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ქართული ჯარის წინაშე ამ თანამდებობის მქონე ადამიანის გამოსვლასთან. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი სალომეს გამოსვლა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, რაც იყო აბსოლუტურად შეუფერებელი ქართული ჯარის წინაშე ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის გამოსვლასთან. ასეთი დღეები არის დღეები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს, რა დროსაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს ისტორიაზე და ვიყურებით წინ. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ, ყველა უნდა გავერთიანდეთ და არ უნდა დავყოთ არავინ. ეს არის დღე, როდესაც უნდა იყოს აღმატებული გრძნობები და არა ის წვრილმანი შურისძიებები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ შარშან, მათ შორის, 26 მაისს ქალბატონი სალომეს გამოსვლისას. იმედი არ მაქვს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ქალბატონი სალომე ამ დღეს სწორედ ამ განწყობით იყოს. არა რაღაც ვიწრო, გულში ჩადებული ბოღმებით, არამედ იმ აღმატებული გრძნობით, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს, მას, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მოქალაქედ. ჩვენ წინ იმ დღეს იდგებიან წვევამდელები, რომლებსაც სჭირდებათ მოტივაცია, ამ მნიშვნელოვანი, ღირსშესანიშნავი დღის შესაბამისი გამხნევება, მისალმება, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც ქართული ტრადიციაა. სხვა დანარჩენი არის წვრილმანობა, რომელსაც ქართველობასთან საერთოდ კავშირი არ აქვს, მათ შორის ის, რაც ვიხილეთ ჩვენ შარშან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.