შალვა პაპუაშვილი - დონორების პასუხისმგებლობაცაა, რომ „ენჯეოებს“, რომლებსაც აფინანსებენ, მისცენ მკაცრი მითითება, არ დაარღვიონ კანონი და აქციას არ მისცენ ძალადობრივი ხასიათი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერაა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს.
„ხვალ იქნება საკომიტეტო განხილვა, ზეგ იქნება სასესიო სხდომაზე განხილვა. სამი მოსმენა უკვე თვეზე მეტია, მიმდინარეობს. რამდენიმესაათიანი საკომიტეტო თუ პლენარული განხილვის ფორმატში, ყველას, როგორც პარლამენტის წევრებს, ისე არასამთავრიბო სექტორს, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში პარლამენტში და პარლამენტს მიღმა. ჩვენი მოსახლეობის განწყობებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონში შეხვედრებზეა, არის სრული მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ. ეს არის ქართველი ხალხის ინტერესის გამტარებელი კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა მიიღოს. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის პოზიცია სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით მივიღებთ. რაც შეეხება შესაძლო ძალადობას, ეს არა მხოლოდ შესაძლო ვარიანტია, არამედ ამ აქციების წარსული გამოცდილებიდან ვნახეთ ზოგიერთი „ენჯეო“ და რადიკალური ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ხემძღვანელობდა და უბიძგებდა აქციებს, რომ გადაზრდილიყო ძალადობაში. ამ აქციებს უძღვებოდა, მაგალითად, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელი. მოწოდება იყო, რომ მომხდარიყო პარლამენტის ბლოკირება, რაც არის კანონდარღვევა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული არის მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა, ხოლო პროტესტი, რომელიც სცდება მშვიდობიან ფორმებს, არის კანონდარღვევა.
„ჩვენ ვნახეთ „ენჯეოებისა“ და პარტიების მხრიდან აქციებზე მოწოდებები. ყოველ ჯერზე აქცია ძალადობრივი ხდებოდა ზუსტად ამ მოწოდებების შედეგად. კერძოდ, როცა იყო მოწოდებები, მომხდარიყო ბლოკირება პარლამენტის, რაც, ერთი მხრივ, არის კანონის დარღვევა, ამავე დროს, გულისხმობდა, რომ იქნებოდა პირდაპირი კონტაქტი პოლიციასთან. ასეც ხდებოდა და ისინი იწვევდნენ იმას, რომ, საბოლოო ჯამში, აქციები ძალადობაში იზრდებოდა. ასევე მოწოდებები, რომ აქცია გადანაცვლებულიყო სხვა მიმართულებით, თუნდაც კანცელარიასთან, როდესაც ადამიანების დიდი რაოდნეობა ვიწრო ქუჩებზე გადაჰყავდათ, იქაც პოლიციასთან პირდაპირ კონტაქტში შეჰყავდათ და ამით ძალადობას უწევდნენ პირდაპირ ინსპირირებას. უპირველეს ყოვლისა, აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაა, რომ მშვიდობიანად პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა მისცენ მოქალაქეებს და არ გადაზარდოს ძალადობაში. აქვე არის ამ „ენჯეოების“ დონორების პასუხისმგებლობა, რომლებმაც, სამწუხაროდ, დღემდე არ დაგმეს პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა, რომელიც ზუსტად ამ „ენჯეოების“ მოწოდების შედეგად რამდენჯერმე მოხდა. ამიტომ ახლა დგას, მათ შორის, დონორების პასუხისმგებლობა, რომ იმ „ენჯეოებს“, რომლებსაც აფინანსებენ, მისცენ მკაცრი მითითება, არ დაარღვიონ კანონი და არ მისცენ აქციას ძალადობრივი ხასიათი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.