შალვა პაპუაშვილი იაპონური კომპანია TEPCO-ის უცხოური ბიზნესის მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონური კომპანია TEPCO-ის (ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანია) დირექტორთა საბჭოს წევრს, უცხოური ბიზნესის მმართველ დირექტორს მასაკი ჰონდას შეხვდა.
შალვა პაპუაშვილი მიესალმა TEPCO-ის ჯგუფის წევრის – TEPCO განახლებადი ენერგიის (TEPCO Renewable Power) მიერ ქართული კომპანია დარიალი ენერჯის 31.4%-იანი წილის შესყიდვას, რაც იაპონიის პირველ ყველაზე დიდ ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოში.
მასაკი ჰონდამ ისაუბრა საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე. იაპონურმა მხარემ აღნიშნა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების, მარეგულირებელი გარემოს და ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო არის ხელსაყრელი ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების შესაძლო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.