შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ჰიროიუკი ჰოსოდას შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი და პოზიტიურად შეფასდა ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მზარდი დინამიკა.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა იაპონიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს მიერ გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციების თანასპონსორობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და წესრიგზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემის აუცილებლობას.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და შეთანხმდნენ მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.

შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის იაპონიაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და  ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.