შალვა პაპუაშვილი - იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადასულია აბსოლუტურად ახალ ეტაპზე
საპარლამენტო დელეგაციას იაპონიაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს ვიზიტი იყო დროული იმ თვალსაზრისით, რომ იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადასულია აბსოლუტურად ახალ ეტაპზე.
„ქვეყნებს შორის დადებულია ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ ხელშეკრულება, რაც ახალისებს იაპონურ ინვესტიციებს საქართველოში. უკვე დიდი ინვესტორები გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჩვენ საუბარი გვქონდა პოლიტიკურ თანამშრომლობაზე განსაკუთრებით უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც არსებობს რეგიონში რუსეთის აგრესიული ომის მიზეზით უკრაინის წინააღმდეგ. ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ევროპასა და აზიას შორის იმ დერეფანში მშვიდობის შენარჩუნებას, სადაც საქართველო მდებარეობს, რათა ევროპაც უზრუნველყოფილი იყოს ალტერნატიული გზებით აზიის ქვეყნებიდან, ენერგო რესურსების თუ სხვა რესურსებით მომარაგების კუთხით. ჩვენ საპარლამენტო თანამშრომლობაზე გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს ჰქონდეთ გაცვლა მოსაზრებების და თანამშრომლობის შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მალევე შედგება საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი იაპონიაში.
ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ამ ვიზიტებით ძალიან გამყარდება ურთიერთობა ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით ეს შეეხება იაპონიის მხრიდან გამოჩენილ განსაკუთრებულ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკაში მონაწილეობის მხრივ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.