შალვა პაპუაშვილი - იაპონიასა და კორეაში ვიზიტი დროული, გარკვეული იმპულსის მიმცემი იყო, რადგან ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს საქართველოს მიმართ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა.
მისი თქმით, ვიზიტებს დროს გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და გარკვეული შეთანხმებებიც შედგა.
„იაპონიასა და კორეის რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს ვასრულებთ. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომელიც ამ ვიზიტის დროს გამოიკვეთა და გარკვეული შეთანხმებებიც გვაქვს. პირველი – ეს არის ჩვენი ერთიანი სოლიდარობა უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიული ომის დაგმობა. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განჭვრეტადი იყოს სტაბილურობა ყველა ქვეყანაში. განსაკუთრებით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, რომლის უსაფრთხოებაც დამოკიდებულია იმაზე, რომ საერთაშორისო აქტორები პატივს სცემენ საერთაშორისო წესრიგს. მეორეა – საქართველოს როლის გაძლიერება, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი სეგმენტის და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალი, გზა, რომელიც გადის საქართველოზე, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს. წელს 30 პროცენტით გაიზარდა ამ დერეფანში გადაზიდვა, ეს იქნება სხვადასხვა საქონელი თუ მათ შორის ენერგო მატარებლები. ამიტომ, ეს განსაკუთრებით საინტერესოა აზიური ქვეყნებისთვის, როგორც საქართველო, რომელიც არის ყველაზე სწრაფი და ამავე დროს სტაბილური შუა დერეფნის ნაწილი, რომელიც ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია და დღეს განსაკუთრებულ როლს იძენს. მესამეა – იაპონიისა და კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მათ შორის მიმდინარე უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ, საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერა გაძლიერდეს და ამ მხრივ ყველანაირი ურთიერთგაგება გვაქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და კორეას შორის, რაზეც მთავრობებს შორის მიდის მოლაპარაკებები.
„გარდა ამისა, გვქონდა ყველანაირ საკითხებზე საუბარი, მათ შორის, კორეის რესპუბლიკაში საუბარი იყო იმაზე, რომ მალე დაინიშნება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და კორეას შორის, რაზეც მთავრობებს შორის მიდის მოლაპარაკებები. ასევე, ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მხრივ არის პროგრესი და იმედია, ამ მხრივ პროგრესი მალე იქნება. გარდა ამისა, ყველა პარტნიორთან საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკამ საელჩო სრული მასშტაბით გახსნას საქართველოში, რადგან ეს ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დელეგაციის ვიზიტი იყო დროული, რადგან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ორივე სახელმწიფო განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს საქართველოს მიმართ.
„ეს ვიზიტი დროულიც იყო და იყო გარკვეული იმპულსის მიმცემიც, რადგან ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, იაპონია-კორეის რესპუბლიკა განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენენ საქართველოს მიმართ. როგორც იაპონიის შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ განახლებადი ენერგეტიკის კუთხით ინვესტიციების ჩადების ინტერესზე, ასევე კორეის მხრიდან ვისაუბროთ, როგორც ინვესტიციების, ასევე ლოჯისტიკის მხრივ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე. ყველაფერთან ერთად მთავარი საკითხი იყო პარლამენტებს შორის ურთიერთობა. როგორც კორეის, ასევე იაპონიის პარლამენტთან ამ შეხვედრებით კიდევ უფრო დავაახლოვეთ და პიროვნული ურთიერთობის კუთხითაც სხვა ეტაპზე გადავედით. მეგობრობის ჯგუფები გააგრძელებენ ამ ურთიერთობას და კომიტეტების დონეზეც გვსურს, რომ გვქონდეს უფრო აქტიური თანამშრომლობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს ეწვევა.
„ვიზიტების გაცვლა უფრო ინტენსიური ხდება და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.