შალვა პაპუაშვილი - გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები, ყველა ზეიმობს, შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ
გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები, ყველა ზეიმობს ამ გამარჯვებას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სალომე ზურაბიშვილის მიზანი იყო, ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოლიმპიელების დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ქართველი ხალხის ზეიმს ვერაფერი გააფუჭებს“.
„შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალბატონი სალომეს დღევანდელი განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც არ უნდა ავყვეთ. მთელი ერი, ყველა ზეიმობს ამ გამარჯვებას და გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები. მათ შორის, უმაღლეს ჯილდოებზე წარდგენით ვეცადეთ, ოლიმპიელების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება გვეჩვენებინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ოლიმპიელებს წარმატება მიულოცა და დღევანდელ ღონისძიებას გამოეხმაურა. პრეზიდენი მიიჩნევს, რომ ოლიმპიელების ასე სწრაფად დაჯილდოება არ შეიძლება და აღნიშნავს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოლიმპიელების წარმატებები ყველამ ერთად უნდა იზეიმოს და სახალხო ზეიმის მოწყობას აპირებს. ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა იწყება პარალიმპიადა, რომელიც გრძელდება 8 სექტემბრამდე, შესაბამისად, ყველას მიღება ერთად გაიმართება.