შალვა პაპუაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაჩქარებული პროცედურით იმსჯელებენ
იცით, რომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, ამ სამეულში საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით.
„რაც შეეხება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, როგორც იცით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ რამდენიმე დღის წინაც კი. დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რომ ევროკავშირში არის განაცხადი საქართველოს წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების წევრობას, ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. საერთო ჯამში მთავარია, ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას, მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის, არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა, სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების“ გუნდი და პარლამენტი. იცით, რომ ბოლო სხდომაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, მივიღეთ პირველი მოსმენით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, რომელიც არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გადმოტანის ერთ-ერთი მაგალითი და მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების მაგალითი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.