შალვა პაპუაშვილი - გვახსოვს, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს პირდაპირ მითითება მისცა, შიმშილობა შეეწყვიტა, მნიშვნელოვანია, პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან
ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ადგილი აქვს სიმულაციას, ის არ ემორჩილება ექიმებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა: „გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს განჩინება, როდესაც მიხეილ სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მითითება მისცა, შეეწყვიტა შიმშილობა. მნიშვნელოვანია, რომ პატიმარი თანამშრომლობდეს ექიმებთან, პენიტენციურ სისტემასთან, შინაარსს მე არ ვიცნობ, ზოგადად ამის თქმა შემიძლია“.
მისივე თქმით, ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება.
„ჩვენ ვაკვირდებით ერთ რამეს, რომ ხდება სხვადასხვა სახის ინფორმაციის ბოროტად გამოყენება. ამაზე არავინ არ დაობს, არის საუბარი გარკვეულ ანგარიშებზე, დიაგნოზებზე, რომელიც, ერთი მხრივ, როცა უნდათ ადვოკატებს და მხარეებს, არის პერსონალური ინფორმაცია და როცა სჭირდებათ, ტაქტიკურად, პორცია-პორცია ასაჯაროებენ. ეს არის კლასიკური მაგალითი დეზინფორმაციის ინსტრუმენტის – ამოგლეჯილად ინფორმაციის გავრცელება, რომ შექმნა ყალბი აღქმები. ვერაფერს გეტყვით, სინამდვილეში რა და როგორ არის, ამაში პენიტენციური სისტემა უფრო გარკვეულია, ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ყველა პატიმრის ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის, რომ იყოს შესაბამისი სერვისი მიწოდებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.