შალვა პაპუაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ოჩამჩირეში ბაზის გახსნის საკითხზე, დახურულ სხდომაზე ძალიან ღია, პრაგმატული მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციის ყველა კითხვას პასუხი გაეცა
გრიგოლ ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ოჩამჩირეში ბაზის გახსნის საკითხზე. დახურულ სხდომაზე ძალიან ღია, პრაგმატული მსჯელობა გვქონდა, ოპოზიციის ყველა კითხვას პასუხი გაეცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხაზი გაესვა, რომ ასეთ საკითხებზე საუბრისას საჭიროა პრაგმატული მიდგომა, რათა რისკები უფრო არ გაიზარდოს.
„გრიგოლ ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა ამასთან დაკავშირებით, გარკვეული ნაწილი საჯაროდაც ისაუბრა, თუ რა ტექნიკური შესაძლებლობებია. ერთ რამეს გაესვა ხაზი და იმედი მაქვს, ოპოზიცია გაითვალისწინებს, რომ ასეთ თემებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენთან არის. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველა ასეთ საკითხზე პანიკის ატეხით, ალარმისტობით გამოირჩევა. საჭიროა საკითხების მიმართ პრაგმატული მიდგომა, გაანალიზება, რომ რისკები უფრო არ გავზარდოთ. ზოგადად, რისკებს რაც შეეხება, თუნდაც ამ ბაზიდან გამომდინარე, საუბარი გვქონდა, მათ შორის იმაზე, რა შესაძლებლობებია დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამოწვევა არის არა შესაძლო პორტი თუ ბაზა, გამოწვევაა, რომ აფხაზეთის ტერიტორია არის ოკუპირებული. აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო, რუსეთის რეგულარული არმია დგას. ეს არის მთავარი გამოწვევა და საკითხების წარმოჩენა, თითქოს ისეთ გამოწვევებზეა საუბარი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, კიდევ ერთხელ მცდელობაა, პანიკა დაითესოს. დახურული სხდომის დროს ყველა საკითხზე გვქონდა ძალიან ღია, პრაგმატული მსჯელობა. მათ შორის ოპოზიციის ყველა კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი გაეცა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.