შალვა პაპუაშვილი - „გორბის“ კვლევა ასახავს მოსახლეობის განწყობას, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“
შალვა პაპუაშვილი - „გორბის“ კვლევა ასახავს მოსახლეობის განწყობას, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „გორბის“ კვლევა მოსახლეობაში არსებულ განწყობებს ასახავს.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, რესპონდენტთა 59.3% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მეორე ადგილზე კი 13.1%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ“.

„კვლევების და რიცხვების გარეშეც ძალიან ნათელია განწყობები. მათ შორის, ოპოზიციას, რომელიც რეგიონში, როგორც იქნა, გავიდა, აქამდე სტუდიებიდან ვერ გამოდიოდნენ, ვატყობ, რომ ძალიან კარგად გრძნობენ, რა განწყობებია მოსახლეობაში და ამას ასახავს, საერთო ჯამში, ეს კვლევა. ან როგორ შეიძლება, სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაციონალურ მოძრაობას“.  სხვადასხვა ჯგუფად დაიყოფიან და ამით ფიქრობენ, ვინმეს მოატყუებენ, რომ ხმა მიაცემინონ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და დააბრუნებინონ ის ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც მათ ჰქონდათ დამყარებული. ამიტომ ეს არის ლოგიკური შედეგი, ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა სიბრძნე და ამ შედეგს, საბოლოო ჯამში, 26 ოქტომბერს ვნახავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.