შალვა პაპუაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, ყველანაირ ზღვარს არის გადასული
შალვა პაპუაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, ყველანაირ ზღვარს არის გადასული

გიორგი ვაშაძის განცხადებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ბოლო პერიოდში ის აცდენილია ყოველგვარ ზღვარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძეს აქვს რაღაც ინფორმაცია და მან უნდა განმარტოს, საიდან აქვს.

„ბოლო გარკვეული პერიოდია, ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია. არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს, საიდან აქვს, ამიტომ მან უნდა განმარტოს, ვისგან რა ინფორმაცია აქვს. ვხედავთ, რომ მისი განცხადებები ადამიანური ეთიკისა და ქვეყნის მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ყველანაირ ზღვარს გასულია, ამიტომ მის განცხადებებზე რაიმე კომენტარი, ვფიქრობ, არის ზედმეტი. როგორც ჩანს, მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მას უნდა ჰკითხოთ, მე რა გითხრათ. მის განცხადებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ის აცდენილია ყოველგვარ ზღვარს, პოლიტიკურს, ეთიკურს, ადამიანურს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.