შალვა პაპუაშვილი - გიორგი მარგველაშვილი საკუთარ ქვეყანას, პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი და ეს არის სამწუხარო
პეტიციის ტექსტი არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი, დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და, საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მარგველაშვილმა თავად უნდა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კომუნიკაცია ლობისტებთან და მან დაწერა თუ არა პეტიცია.
„მგონი, მთელმა საზოგადოებამ ნახა „რუსული კანონის“ სარგებელი, რომელიც აშშ-ში მოქმედებს და ამიტომ ვნახეთ ჩვენ, რომ ზუსტად „რუსულმა კანონმა“ მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო, თურმე როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ. რომ არა „რუსული კანონი“, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რადგან ევროკავშირში ჯერჯერობით ასეთი „რუსული კანონი“ არ არის მიღებული. საქართველოშიც არ გვაქვს „რუსული კანონი“, თორემ რომ გვქონოდა, გავიგებდით არა მხოლოდ იმას, რა თანხა დაიხარჯა ე.წ. პეტიციის დისტრიბუციად გავრცელებაში, არამედ იმასაც გავიგებდით, ვის რა თანხა აქვს აღებული ამ პეტიციის შემუშავებასა და ხელმოწერაში.
რაც შეეხება მარგველაშვილზე ინფორმაციას, გამოჩნდა FARA-დან, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ, თურმე ის რეზოლუციები, რომელსაც ევროკავშირის პარლამენტი იღებს, ყოფილა არა ე.წ. კეთილმოსურნე ევროპარლამენტარების შემუშავებული, არამედ თურმე ეს რეზოლუციის პროექტები იწერება ამერიკაში ლობისტების მიერ და შემდეგ ხდება მისი თავს მოხვევა ევროპარლამენტის მიერ. ფაქტია და ეჭვი დიდია, თავად ეს პეტიციის ტექსტი, რა თქმა უნდა, არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის შედგენილი. დიდი ალბათობით, სწორედ ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და, საბოლოო ჯამში, ის, როგორც ფიგურა, რომელიც თავში მოაწერდა ხელს, ამ მხრივ გამოიყენეს და ესეც ფაქტია. სხვა მხრივ, შეიძლება, ვკითხოთ, თავად მარგველაშვილმა დააფიქსიროს, ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი, კომუნიკაცია ლობისტებთან, და მეორე – მან დაწერა თუ არა ის პეტიცია, რომელსაც დაერქვა მისი პეტიცია.
FARA-მ და ამერიკაში მოქმედმა „რუსულმა კანონმა“ კიდევ ერთ საკითხს შეუწყო ხელი, რომ, ინფორმაციის გასაჯაროებით, როგორც ჩანს, კიდევ მეორე სკანდალი გამჟღავნდა. არის არა მხოლოდ კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ არსებობს გეგმები, მარგველაშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირე. რატომ არის ეს პეტიცია მძიმე, წაიკითხეთ, რა წერია ტექსტში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას, პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, აბრალებს, თითქოს მის მიმართ ხდება ცუდი მოპყრობა. ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი და ეს არის სამწუხარო, როდესაც ასეთი დამოკიდებულებები აქვთ ყოფილ პრეზიდენტებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს ამბობს, არადა, საინტერესო იქნებოდა მისი აზრის გაგება, რას ფიქრობს, როდესაც ახლა ასე გამჟღავნდა, რამხელა მანქანა იყო ჩართული საქართველოს დისკრედიტაციისთვის, მომხდარიყო ხელისუფლების, მათ შორის თავად პრეზიდენტის შანტაჟი, რათა სააკაშვილი დაეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.