შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი მარტივია, ის არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას
გიორგი გახარიას გადადგომის მიზეზი მარტივია და მან შემოვლით ეს დაადასტურა კიდეც, სინამდვილეში, იმ დღეს, ის უბრალოდ არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„კარგია, რომ გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თავად არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას ნიკა მელიას დაკავების მიზნით იმუნიტეტის მოხსნის აუცილებლობაში. მაგრამ, მართლაც ერთუცნობიანი განტოლებაა, რომ როცა სხვას „ა“-ს თქმაში არწმუნებ, თავად „ბ“-ს თქმის არ უნდა შეგეშინდეს. არ მგონია, ეს ან გუნდურად ან ადამიანურად სწორი საქციელი იყოს.
რაც შეეხება მისი გადადგომის მიზეზს. ის სინამდვილეში მარტივია და მან შემოვლით ეს დაადასტურა კიდეც. სინამდვილეში, იმ დღეს, ის უბრალოდ არ ენდო ქართული პოლიციის მიერ ნიკა მელიას დაკავების უნარს და გაექცა პასუხისმგებლობას. სულ ესაა. შსს-ს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავისი გამოსვლა პოლიციის დღის მილოცვით დაიწყო, უბრალოდ არ ენდო პოლიციას, არ ენდო სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელსაც, სიტყვით, ასე ხშირად ახსენებს.
მისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ამ ქვეყნის პოლიციელებს ენდნენ და შედეგიც ვნახეთ. ყველა პოლიციელს ვულოცავ პოლიციის დღეს“,- აცხადებს პაპუაშვილი.