შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარიამ საკუთარი ქცევით გააჩინა კითხვის ნიშანი, როცა უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ბიუროს
გიორგი გახარიამ საკუთარი ქცევით გააჩინა კითხვის ნიშანი, როცა მან უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც შეეხებოდა კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას, რომ „გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია“.
პაპუაშვილის თქმით, მტკიცებით ფორმაში არავის არაფერი უთქვამს, თუმცა გახარიამ საკუთარი უცნაური ქცევით აღძრა ეჭვი საზოგადოებაში.
„რაც შეეხება ნარკოტესტთან დაკავშირებით საკითხს, არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ თავად გიორგი გახარიამ საკუთარი ქცევით გააჩინა კითხვის ნიშანი, ეს არის ყველაზე ცუდი ამ მთლიან ვითარებაში. საკუთარი ქცევით, რომელიც ნიშნავდა, რომ მან უნდობლობა გამოუცხადა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. იყო უწყინარი ინიციატივა, ყველა საჯარო მოხელე გადის ამ პროცედურას, მათ შორის მე, როგორც პარლამენტის წევრმა გავიარე ეს პროცედურა, მასაც ექნება გავლილი სხვა დროს, ამ ინიციატივას მოყვა მისი უცნაური რეაქცია. მტკიცებით ფორმაში რთულია რამის თქმა, სამწუხაროა მისი ქცევა. მე გიპასუხებთ, ჩემი პოზიცია რა არის. მტკიცებით ფორმაში, რა თმა უნდა, არაფრის თქმა არ შემიძლია, არც არავის მტკიცებით ფორმაში არაფერი უთქვამს. სამწუხაროდ, გიორგი გახარიამ საკუთარი უცნაური ქცევით და იმით, რომ ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტირებას, აღძრა ეჭვი საზოგადოებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.