შალვა პაპუაშვილი - გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებაში არწმუნებდა, მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა, რაც უნდა ახსნას
საკითხი, რომელსაც პასუხი აშკარად უნდა გაეცეს, ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება. იყო განცხადება, რომ თითქოს, ეს იყო გახარიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა.
„უმრავლესობის 90 წევრია მოწმე, რომ მათ შეხვედრაზე გიორგი გახარია უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საჭიროებაში და იმაში, რომ მისი დაპატიმრება მნიშვნელოვანი იყო. მან აზრი რამდენიმე საათში შეიცვალა, რაც უნდა ახსნას. სწორედ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც უმრავლესობის წევრებს არწმუნებდა, რომ ნიკა მელიასთან სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი იყო და როცა მელიამ მართლმსაჯულებას ასეთი გამოწვევა ესროლა, სახელმწიფოს რეაქცია უნდა ჰქონოდა. ამის მოწმეა უმრავლესობის 90 წევრი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 29 მაისს ახალი პარტია „საქართველოსთვის“ წარადგინა.