შალვა პაპუაშვილი - გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, თითოეულ მართლმადიდებელს მინდა, ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი, მშვიდობა და ერთიანობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.
„ქრისტე აღდგა!
გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს! სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ამ უდიდეს დღეს, მინდა, თითოეულ მართლმადიდებელ ქართველს ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი – მშვიდობა და ერთიანობა.
აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია. ამიტომაც არის ის ყველაზე დიდი საუფლო დღე. ჩვენთვის, მართლმადიდებლებისათვის, ის სიცოცხლის მარადიულობის და ბოროტის სიკეთით ძლევის დასტურია. დასტურია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს და ფარისევლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.