შალვა პაპუაშვილი - გერმანიას განსაკუთრებული როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის, ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს
გერმანიას განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლაში. გერმანიის კანცლერის სიტყვები, რომ ერთიანი ევროპა ნიშნავს ევროპას ლისაბონიდან თბილისამდე, გვაჩვენებს, თუ რამდენად მკაფიოა გერმანიის ხედვა საქართველოს ევროპულ ოჯახში სრულუფლებიან წევრობაზე. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გზავნილია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები წინ არის და ამ პროცესში ჩვენ გერმანიის იმედი ნამდვილად გვაქვს,- ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში გერმანიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მასპინძელ ქვეყანას წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გაწეული უანგარო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია დღეს, თქვენ წინაშე სიტყვით გამოსვლა, რადგან გერმანიასთან ბევრი საინტერესო წელი მაკავშირებს. გერმანია, წლების განმავლობაში, უანგაროდ, როგორც მეგობარი, იდგა ჩვენ გვერდით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური აღმშენებლობის გზაზე.
უდიდესია გერმანელი ხალხის წვლილი განათლების სფეროში როგორც საქართველოს განათლების სისტემაში თანამედროვე კონცეფციების შემოტანის გზით, ისე ქართველი ახალგაზრდებისთვის გერმანიაში განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფით. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შესაძლებლობას, ის ფაქტიც უსვამს ხაზს, რომ დღეს აქ მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ყველა წევრს, როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან, განათლება გერმანიაში აქვს მიღებული. მეამაყება, რომ დღევანდელი საღამოს ცენტრალური ფიგურები ჩვენი საამაყო ხელოვანები ნინო ხარატიშვილი, ლიზა ბათიაშვილი და დუდანა მაზმანიშვილი არიან. ისინი დღეს უკვე არიან როგორც ქართული, ისე გერმანული კულტურის ნაწილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.