შალვა პაპუაშვილი - გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტი აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერ ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს მიმართ
გეოგრაფიულად შორეული კონფლიქტები აღარ არსებობს, კონფლიქტი გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყანაზე, აქედან გამომდინარეობს გაძლიერებული მხარდაჭერა, როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუანდაში ვიზიტისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რუანდაში ვიზიტისას მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და აღნიშნა, რომ წესრიგსა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
დღეს, რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, მათ შორის აფრიკული ქვეყნების წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან საუბარი გვქონდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა მომავალშიც. ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით ყველასთვის ცხადია, რომ წესრიგსა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და უფრო დიდია იმ მნიშვნელობის აღქმა, რასაც აქვს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაც. ჩვენ ამ ქვეყნებისგან ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ვიგრძენით. სხვათა შორის, გუშინ, სამიტის ფარგლებში მიღებული იქნა რეზოლუცია, რომელიც სწორედ შეეხებოდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. იქაც მცდელობას ვხედავდით რუსეთის დელეგაციის, რომ ჩაეშალათ რეზოლუციის მიღება. ვნახეთ კიდევ, რომ აქ გარკვეული მხარდამჭერების მოხსნაც შეძლეს კენჭისყრიდან, თუმცა საბოლოო ჯამში ვნახეთ, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა რეზოლუციას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. ეს არის ზოგადი ტენდენცია, რასაც ვხედავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა აცნობიერებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას ყველა ქვეყანაზე ახდენს.
„ყველა აცნობიერებს, რომ რაც არ უნდა იმის აღქმა იყოს გეოგრაფიულად, რომ კონფლიქტი არის შორს, სინამდვილეში კონფლიქტი არის ძალიან ახლოს. ამ ქვეყნებიდან ჩვენმა კოლეგებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ათასობით კილომეტრი აშორებს თუნდაც რუანდას უკრაინაში მიმდინარე ომისგან, ამას ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას აქვს, მათ შორის ფასებზეც იგივე გავლენა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებში. იცით, რომ მსოფლიოში ხორბლის მიმართულებით კრიზისიც შეიძლება კი გამოიწვიოს. საუბარია აქ არა მხოლოდ ხორბალსა და მარცვლეულზე, არამედ საუბარია სხვა პროდუქტზეც, რადგან გლობალურ სამყაროსა და ეკონომიკაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ასე, რომ იმის გაცნობიერება, რომ აღარ არსებობს შორეული კონფლიქტები გეოგრაფიულად, შორს მყოფი კონფლიქტი ძალიან ახლოს არის და გავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყანაზე, ამის განცდა არსებობს და სწორედ აქედან გამომდინარეობს უფრო გაძლიერებული მხარდაჭერა, როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე შეხვედრა გვქონდა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან და დელეგაციასთან. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინაში დღეს არსებულ ვითარებაზე და იმ მხარდაჭერაზე, რასაც ჩვენი ქვეყანა უცხადებს უკრაინას. ძალიან თბილი შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა, რომელშიც ჩართულია უკრაინა და თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გვერდში ედგეს მთელი ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.