შალვა პაპუაშვილი - გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა, შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა, ეს გვაძლევს იმედს, რომ 2023 იქნება მეტი კეთილდღეობის წელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოსახლეობას, პარლამენტის სახელით, დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, 2022 წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა, ერთიანობით, სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სირთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
„ჩემო თანამოქალაქეებო, საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ ახალ წელს და დამდეგ შობას!
დაე, 2023 წელს თითოეული თქვენგანისა და ჩვენი ქვეყნისთვის მოეტანოს გამარჯვებები და ახალი შესაძლებლობები.
განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს. ჩვენ საერთო ფესვები და ოჯახები გვაკავშირებს, თანაზიარნი ვართ ერთმანეთის ჭირის და ლხინის. მჯერა, რომ მომავალი წელი იქნება ჩვენი საბოლოო გამთლიანებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ყოველთვის ემოციურია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მინდა, მათ მხნეობა, წარმატება და საკუთარ კერაში მალე დაბრუნების სიხარული ვუსურვო.
დამდეგ შობა-ახალ წელს გამორჩეულად ვულოცავ ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, ყველას, ვინც ახალ წელს სამსახურში ხვდებიან და წლის ნებისმიერ დროს მუხლჩაუხრელად დგანან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე.
დამდეგ 2023 წელს გულითადად ვულოცავ ჩვენი საზოგადოების უხუცეს წევრებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით და განვლილი ცხოვრებით შექმნეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა, და ბავშვებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, რომლებიც განსაკუთრებული სიხარულით ეგებებიან ამ სადღესასწაულო დღეებს. გასული წელი ჩვენმა სახელმწიფომ ღირსეულად გაიარა, ერთიანობით და სიმტკიცით გაუმკლავდა ბევრ სირთულეს და არაერთ ისტორიულ წარმატებას მიაღწია.
საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და დაადგა ევროკავშირში გაწევრიანების გზას. უპრეცედენტო საერთაშორისო რყევების და კრიზისების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ 2023 წელი თითოეული ოჯახისთვის იქნება მეტი დოვლათის და მეტი კეთილდღეობის შექმნის წელი.
მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას. ფეხბედნიერი იყოს 2023 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის!“ – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.