შალვა პაპუაშვილი - გასაკვირია ზოგიერთი არასამთავრობოს შეფასება პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე, ეს ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკო უნდა შეერჩია
შალვა პაპუაშვილი - გასაკვირია ზოგიერთი არასამთავრობოს შეფასება პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე, ეს ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკო უნდა შეერჩია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასაკვირია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თითქოს პრეზიდენტის როლის დაკნინება ხდება.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე, სადაც საუბარია, რომ „მმართველი პარტია ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესს საკუთარ ინტერესს არგებს, წარმოდგენილი ცვლილებები უკიდურესად დააკნინებს პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საია ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკო უნდა შეერჩია“.

„ეს ორგანიზაციები არ აღიარებდნენ პრეზიდენტს, მის ამ უფლებამოსილებას და მის მიერ შექმნილ კომისიას, დღეს ფარისევლურად საუბრობენ, თითქოს ისინი წუხან, რომ რაღაც უფლებამოსილება შეიძლება შემცირდეს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მარტივ რამესთან – საქართველოში იმ წესით, რომელიც არსებობს, ექსპერიმენტი ჩატარდა. სხვათა შორის, როცა საუბარი იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე, ჩვენ პირველ ვერსიას არ ვეთანხმებოდით სწორედ იმის გამო, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო კვალიფიციური უმრავლესობების იქ შემოტანა, სადაც მათი ადგილი არ არის. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდით. ვნახეთ, რომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა, რომელიც განსხვავდება ევროპული საუკეთესო გამოცდილებისგან. ითქვა, თითქოს ქართულ საზოგადოებას და ქართველებს სპეცკანონები სჭირდებათ, რომ, რაღაცნაირად, ჩვენ სხვანაირად მოწყობილი ხალხი ვართ, არ ვიცი, რა წარმოდგენა არის. მარტივი მიზეზის გამო, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სწორი მოდელი და სწორი პროცედურა რომ იყოს, ეს საქართველომდე დიდი ხნით ადრე ევროპის წამყვან დემოკრატიებს ექნებოდათ. ვინაიდან არ აქვთ, იმიტომ არ აქვთ, რომ ეს არის ისეთი პროცედურა, რაც, ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსს უზრუნველყოფდეს, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ უზრუნველყოფს პროცესის ჩიხში შეყვანას. ამიტომ, თავისთავად მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც ჩვენს სისტემაში იყო, დროულად შევცვალოთ საუკეთესო გამოცდილებით, რაც არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.