შალვა პაპუაშვილი - გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლითაც 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა, ამის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია
პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის ზღვარზე, მადლობა ღმერთს, რომ რიცხვებისა და ფაქტების სამყარო ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X -ში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, მიზანმიმართული სიცრუისა და ჭორების ქარიშხალში, გამოქვეყნდა 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა.
მისი თქმით, ეს ინდექსი ასევე აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს. მთლიანობაში, ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 16 საფეხურით დაწინაურდა.
„პოლიტიკაში რეალობისა და ფანტაზიის შერწყმის ზღვარზე, მადლობა ღმერთს, რომ რიცხვებისა და ფაქტების სამყარო ჯერ კიდევ არსებობს. არსებობს მიუკერძოებელი ფაქტები, გამყარებული სინამდვილით, სტატისტიკით, რიცხვებით, რომელთა წინააღმდეგაც დეზინფორმაციის ნიაღვარი უძლურია. მიზანმიმართული სიცრუისა და ჭორების ქარიშხალში, გამოქვეყნდა 2023 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა. ეს ინდექსი ასევე აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს. მთლიანობაში, ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეიტინგში ჩვენი ქვეყანა 16 საფეხურით დაწინაურდა. საერთო ჯამში, 2012 წლიდან, ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საქართველომ ბიუჯეტის შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან გადაინაცვლა სრულად გამჭვირვალე ბიუჯეტის მქონე სახელმწიფოების ჯგუფში.
ამის ფონზე ისმის კითხვა, ვინმეს შეუძლია ახსნას, თუ საქართველოს მთავრობა მართლაც „რუსი“, „კორუმპირებული“ და „უუნაროა“, ჩვენი ბიუჯეტი როგორ ხდება ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოს მასშტაბით? ეს ის საკითხია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი ოპონენტები შინ და გარეთ ცხოვრობენ მათივე შექმნილ სამყაროში, სადაც ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ურთიერთგაზიარებული სიცრუე წარმოადგენს „რეალობას“. საბედნიეროდ, ყველაზე მთავარია ხალხი – ქართველი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი – რომელიც თავისუფალ არჩევნებში ხმის მიცემის გზით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას იმაზე, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა. ეს ხალხი რეალობას განსჯის თავად, საკუთარი თვალით ნანახით და არა იმით, თუ რას იტყვის ზოგიერთი არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ოდიოზური პოლიტიკოსი“, – წერს პაპუაშვილი.