შალვა პაპუაშვილი - გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, არც კი გამოეხმაურა პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გაუკვირდა, რომ ბევრი ადამიანი ოპოზიციიდან თუ ე.წ. ელიტიდან არ გამოეხმაურა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულის გამო იმედგაცრუებულია.
„გუშინ მართლაც ისტორიული დღე იყო როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიისთვის, ისე საქართველოსთვისაც. აღვნიშნავდით პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ პატრიარქი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივად უძღვება ქართულ ეკლესიას. გარდა იმ დამსახურებისა, რომელიც აქვს მას, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლს, თავად ეს მოვლენაც არის ისტორიული, რომ ამდენი ხანი არის პატრიარქი, ასეთი კავშირი აქვს ერთან, დღეს ყველა ეპისკოპოსი არის მისი ხელდასმით ეპისკოპოსი. შესაბამისად, ეს კავშირი ეკლესიაში არის განსაკუთრებული. ამიტომ მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენა იყო და მართლა გამიკვირდა, რომ ბევრი, ოპოზიციიდან იქნებოდა თუ სხვა ე.წ. ელიტა, საერთოდ არც კი გამოეხმაურა ამ საკითხს. ეს არ არის მხოლოდ ისტორიის ან რელიგიის საკითხი, ეს არის, მათ შორის, ჩვენი სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან ქართულ ეკლესიას კონსტიტუციითაც კი აღიარებული აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ისტორიაში, ასევე ჩვენს თანამედროვეობაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტს და თარიღს გუშინ ე.წ. ელიტა არ გამოეხმაურა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.