შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებში ძალიან რბილი ტონია, დროული კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, პროექტის იდეასთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებში ძალიან რბილი ტონია, დროული კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, პროექტის იდეასთან დაკავშირებით

გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებში ძალიან რბილი ტონია, ამაში თავისი წვლილი შეიტანა იმან, რომ დროული კომუნიკაცია გვქონდა, მათ შორის, კანონპროექტის იდეასა და შინაარსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მათ, ვისაც კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი შეფასება აქვთ, არ ასახელებენ არგუმენტს, „რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე“.

„საერთაშორისო გამოხმაურებებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებთან დაკავშირებით ნიშანდობლივია, რომ არცერთ განცხადებაში არგუმენტი არ არის, რატომ არ აქვს ქართველ ხალხს უფლება, იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე? ჩვენ გვაკლია რაიმე, რამეს არ ვიმსახურებთ? გამოხმაურებებში ძალიან რბილი ტონია, ამაში თავისი წვლილი შეიტანა იმან, რომ ჩვენ გვქონდა დროული კომუნიკაცია, მათ შორის, ამ კანონპროექტის იდეასა და შინაარსთან დაკავშირებით. მივაწოდეთ ინფორმაცია, რათა არასამთავრობო სექტორს იგივე ტყუილი არ გაევრცელებინა, რაც შარშან ავრცელეს და ატყუებდნენ მთელ საზოგადოებას, მათ შორის გარე საზოგადოებას, თითქოს ფიზიკურ პირებზე ვრცელდება კანონი, ვიღაცას ციხეში ჩასვამენ და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, ახლაც იყო მცდელობა, სწრაფად მობილიზებულიყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება უფრო სწრაფი იყო კომუნიკაციაში. დროულად მოხდა კომუნიკაცია და ვფიქრობ, არ არის ახლა განსაკუთრებული გამოხმაურება. მეორე მხრივ, მენიშნა, რომ არსად არ არის არგუმენტი. სიმართლე გითხრათ, არასერიოზულია, როცა არის მსჯელობა საკითხებზე საკითხებზე მსჯელობის გარეშე და არის კლიშეებით შეფასება. წეღან წაგიკითხეთ ამონარიდი ევროკავშირის დირექტივის დასაბუთებიდან. ეს მოტივაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით. შენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე უცხოელი ვერ იმსჯელებს, რადგან მას არ აქვს შეგრძნება ამ ქვეყნის უსაფრთხოებისა. არ აქვს ლეგიტიმაცია, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს და არც ინტერესი. ამიტომ ვინაიდან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ერთადერთი, ვინც არის კომპეტენტური ამ საკითხში და აქვს უფლება, იმსჯელოს, გადაწყვიტოს, არის ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ შეიძლება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში არსებობდეს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მსგავსი კანონი და რატომ არის ეს აკრძალული საქართველოში, ამდენად კატეგორიულად, პრინციპულად რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის, პაპუაშვილმა აღნიშნა: „რატომ შეიძლება სხვა ქვეყნებისთვის, თავად აირჩიონ, დანიშნონ მოსამართლეები და ჩვენ გვეუბნებიან უცხოეთიდან, ჩვენ უნდა დაგინიშნოთ მოსამართლეებიო? უცხოელი ამას რომ იტყვის, ეს გასაგებია, შეიძლება ამის ინტერესია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ამას ქართველები ამბობენ. დღეს პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ სხვებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, ჩვენთან სხვებმა გაავრცელონ გავლენები, ფული ხარჯონ, თავს მოგვახვიონ იდეები. არ ვიცი, რა მიდგომა აქვთ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ, ყოველ შემთხვევაში, არანაირი შეგრძნება საკუთარი სამშობლოს, სახელმწიფოსი არ აქვთ ამ ორგანიზაციებს და პარტიებს, რომლებიც ასე საუბრობენ. რამდენიმე გამოხმაურება იყო, სხვადასხვა ჯგუფია. არის ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მფარველია. არ მგონია, სერიოზულად უნდა მივიღოთ „ფრი მიშას“ კამპანიის მონაწილის რაიმე კრიტიკა საქართველოს მიმართ. ამიტომ, შეგვიძლია, ეს საკითხი საერთოდ „გავატაროთ“. ეს არის ჯგუფი, რომელსაც საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც შეაგულიანა სააკაშვილი, შემოპარულიყო საქართველოში. ევროპარლამენტის კონკრეტულმა წევრებმა, რომლებიც სააკაშვილის მეგობრები არიან, ფაქტობრივად, გაგვწირეს არეულობისთვის. ამიტომ, აპრიორი ისინი საქართველოს მეგობრები ვერ იქნებიან“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ცვლილებები მომავალი კვირის ორშაბათს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდა ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვალა და წარდგენილია შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.