შალვა პაპუაშვილი - გახსოვთ 2030, რაც ბიძინა ივანიშვილმა ადრე დააანონსა, ახლა ევროკავშირისგანაც გვესმის 2030, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემთხვევა ევროპულ ოცნებასაც
შალვა პაპუაშვილი - გახსოვთ 2030, რაც ბიძინა ივანიშვილმა ადრე დააანონსა, ახლა ევროკავშირისგანაც გვესმის 2030, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემთხვევა ევროპულ ოცნებასაც

როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემთხვევა უკვე ევროპულ ოცნებასაც და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ სტუმრობისას.

„თქვენ გახსოვთ 2030, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ადრე დააანონსა, როგორც პროექტი, თარიღი და გარკვეული ორიენტირი, რომ ეს უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც საქართველომ აღმშენებლობის მნიშვნელოვან შედეგებს უნდა მიაღწიოს და ამ დღეებში თუ თვეებში ევროკავშირისგანაც გვესმის 2030, როგორც სავარაუდო პერიოდი. როგორც ჩანს, ქართული ოცნება ემთხვევა უკვე ევროპულ ოცნებასაც და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საქართველო გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ეს გრძელვადიანი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართველი ხალხის წინაშე და არ ვაპირებთ, ამ პასუხისმგებლობას გავექცეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოსახლეობა დარწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროცესი ყველაზე წინდახედულად, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით მიჰყავდა და ქვეყანამ მიიღო ოპტიმალური, საუკეთესო შედეგი – კანდიდატის სტატუსი.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ახალი რეკომენდაციების შესრულების პროცესი მაშინ, როდესაც მმართველ გუნდს ოპოზიციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება არ აქვს იმ 12 პუნქტზე, რომელიც გასულ წლებში გვქონდა შესასრულებელი, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს საზოგადოების წინაშე, ამიტომ ამჯერადაც თავისი დღის წესრიგით იმოქმედებს და ვისაც უნდა, ხელისუფლებას ამ პროცესში დაეხმაროს, რა თქმა უნდა, მათთვის კარი ღიაა.

„აუცილებლად იქნება დისკუსიის, მსჯელობის ფორმატები ამ საკითხებთან დაკავშირებით და თუ ვინმეს აქვს სურვილი, დაგვეხმაროს, შეუძლია, დაგვეხმაროს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებას, ვინაიდან ვნახეთ, რა იყო მათი დღის წესრიგი. ეს იყო საქართველოს ეროვნული ინტერესების შეწირვა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც არ არის ჩვენი ხალხის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გვექნება აქტიური მუშაობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, ოპოზიციამ რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს იმ პირობებში, როდესაც რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა, მამუკა გამყრელიძემ დაადასტურა რამდენიმე თვის წინ ხათუნა სამნიძის ნათქვამი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებდნენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ, რაზეც მმართველი გუნდიც ღიად საუბრობდა, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების მოლოდინი არც ამჯერად აქვს.

„მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, დააზიანონ ხელისუფლება და მზად არიან, ამას შესწირონ ქართველი ხალხის ინტერესი, ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და, მათ შორის, ქართველი ხალხის სიცოცხლე, იმ მხრივ, რომ ქვეყანა გაწირონ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის იმედად ვერ ვიქნებით. მათ იმედზე რომ ვყოფილიყავით, ახლა არც კანდიდატის სტატუსი გვექნებოდა და ამ ქვეყანაში რა უბედურება იქნებოდა დატრიალებული, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს სტრატეგია, არ დაფიქსირდეს, რომ ისინი რამეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად უჭერენ მხარს და მმართველ გუნდთან რამე ერთობა აქვთ. პაპუაშვილის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში ოპოზიციისგან, რუსი-რუსის ძახილის გარდა, არაფერი ისმის, რითიც თავიანთ ამომრჩეველს კვებავენ, ამ ბოღმის წრეში არიან ჩაკეტილი, იძულებული არიან, საკუთარი ამომრჩევლებიც ამით კვებონ და ამიტომ არ აქვს არანაირი მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები რამეს მხარს დაუჭერენ.

შეკითხვაზე, რა ფორმით დაუბრუნდება მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის გეგმის შესრულებას, რაც ერთ-ერთი დათქმაა, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ გეგმის შესრულება უკვე დაიწყო.