შალვა პაპუაშვილი - გახარიას მხარდამჭერები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად შეიძლება, რომ ქართულ პოლიტიკაში ღირსეული წარმომადგენელი იყოს ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას გაექცა
უკიდურესად სირცხვილის ზღვარს მიღმა არის, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის სათავეში მყოფი ადამიანი თავისი საქციელით იქამდე მიდის, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს უწევს საჯარო განცხადების გაკეთება, რათა ამხილოს მისი სახელით გამოყენებაში და ხმებზე პარაზიტობაში, რასაც ახლა გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალა სჩადის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გახარიას მხარდამჭერები უნდა დაფიქრდნენ, რამდენად შეიძლება, იყოს ღირსეული წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცა.
„ვამბობდით, რომ მათი მხრიდან მცდელობა იყო, თითქოს, გახარია და მისი გუნდი რამენაირად დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და ამით თითქოს უნდოდათ, გადაებირებინათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ეს არის უღირსი საქციელი. ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გაექცა, მიატოვა თავისი პოლიტიკური გუნდი და სხვისი სახელით სარგებლობს, რამდენად შეიძლება იყოს ღირსეული წარმომადგენელი ქართულ პოლიტიკაში, ამაზე უნდა დაფიქრდნენ მისი მხარდამჭერები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.