შალვა პაპუაშვილი - გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, „ქართული ოცნება“ შემდეგ ეტაპზეც წარმატებით გადავა
შალვა პაპუაშვილი - გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ, „ქართული ოცნება“ შემდეგ ეტაპზეც წარმატებით გადავა

გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ შემდეგი ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ამისთვის ევროკავშირის მხრიდან ცხრა მიმართულებაა დასახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს, როგორ სრულდება და როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის რეკომენდაცია.

„წელიწად-ნახევრის განმავლობაში გვაჩვენეს, როგორ წარმოუდგენიათ ეს – დებოშით, რადიკალიზმით, საბოტაჟით, ბოიკოტით. მადლობა ღმერთს, მათ ხელისუფლების სადავეები არ აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“ რომ იცის, როგორ სრულდება რეკომენდაციები, იმიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი. ევროკავშირმა, ევროკომისიამ თავისი რეკომენდაციით თქვა, რომ 12 რეკომენდაციის საკითხი დახურულია. საქართველომ მიაღწია საკმარის პროგრესს, რათა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაიხსნა ახალი კარი, რომელსაც მივყავართ შემდეგი ეტაპისკენ, მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ამისთვის ევროკავშირის მხრიდან ცხრა მიმართულებაა დასახული, რომელშიც სხვადასხვა თემაა, მათ შორის ზოგი ძველი საკითხიც არის შეცვლილი ფორმულირებით – უფრო დაზუსტებული ან უფრო წინ წაწეული სახით მოცემული. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ფაქტობრივად, ჩავარდნილი ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკება „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცოცხლა და ერთ წელიწადში მიიყვანა შედეგამდე, 2014 წელს ხელი მოაწერა. ასევე ვიზალიბერალიზაცია მოვუტანეთ ქართველ ხალხს. ჩვენ მოვუტანეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ წარმატებებზე არის დაფუძნებული ჩვენი საქმიანობა. პოლიტიკურის გარდა, ამას აქვს ასევე განზომილება, სადაც ჩართულია უამრავი საჯარო მოხელე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ რეკომენდაციების შესასრულებლად. ამიტომ „ქართული ოცნება“ როგორც აქამდე იყო წარმატებული, ასევე წარმატებით გადავა შემდეგ ეტაპზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს არ სთხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიები უნდა გაეცა.

„საჭიროა, ყველა საკითხში გავერკვეთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ. მაგალითად, თუ ვსაუბრობთ  საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხზე, დღეისთვის საგარეო პოლიტიკურ განცხადებებზე მიერთების მაჩვენებელი არის 48 პროცენტი. სხვათა შორის, დასკვნაში წერია 43 პროცენტი, მაგრამ ეს ოდნავ მოძველებული ინფორმაციაა. საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე 75-პროცენტიანი თავსებადობა აქვს. რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა განცხადებას და რეზოლუციას, როგორც წესი, თავსებადობად მიერთების მაჩვენებელი იყო დაახლოებით 55 პროცენტი. შარშან, წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი 30-31 პროცენტამდე იყო ჩამოსული, რაც, ერთი მხრივ, განპირობებული იყო განცხადებებისა და ინსტრუმენტების ზრდასთან. რუსეთის აგრესიიდან და სხვა საკითხებიდან გამომდინარე, უფრო მეტი განცხადება კეთდებოდა. საქართველო ძალიან ფრთხილად უყურებდა ასეთ საკითხებს, ჩვენ ეტაპობრივად შევუერთდით ყველა განცხადებას და დღეს უკვე მიერთების მაჩვენებელი 48 პროცენტია. ნაკლებია პოტენციალი, რომ ეს შესაბამისობა გასცდეს 55 პროცენტს, მაგრამ რჩება სეგმენტი იმ რეზოლუციების თუ განცხადებისა, რომლებშიც შედის სანქციები, მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ.

ჩვენ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, ეს არის ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხის ინტერესი. ამიტომ ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებით. პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვან, ვინ მოაწერს ხელს რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას? თქვან, განაცხადონ პირდაპირ, მზად არიან თუ არა, ხელი მოაწერონ ასეთ სანქციებს, ვინაიდან დადასტურებულად ვიცით უკვე, რომ რუსეთისთვის შარშან სანქციები რომ დაგვეწესებინა, ეს ნიშნავდა მინუს 10-პროცენტიან ვარდნას ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, გაზრდილ ფასებს და ეკონომიკურ გაჭირვებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, ეკონომიკურ კოლაფსს. ეს იქნებოდა უფრო მძიმე, ვიდრე პანდემია. მინუს შვიდი პროცენტი იყო მაშინ და 10-პროცენტიანი ვარდნა იქნებოდა. ეს იქნებოდა დიდი, მაღალი რისკი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისა. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება არ აპირებს, ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ კატასტროფაში ჩავარდნასა და ქვეყნის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში შეყვანაზე. ამიტომაც ვამბობთ, რომ ევროკავშირი ჩვენ არ გვთხოვს სანქციების დაწესებას, ვინაიდან მაშინ ევროკავშირს უნდა მოეცა სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც, ვისურვებდით, გვქონდეს, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, არცერთი ორგანიზაცია, რომელიც დღეს საქართველოს აძლევს სამხედრო ან ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ დიდწილად მარტო. ამიტომ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ სანქციებს ჩვენ არ ვაწესებთ. შესაბამისად, ჩვენი თავსებადობა იქნება 50 პროცენტის ფარგლებში. რაც შეეხება ამ თავსებადობის გაზრდას, ევროკავშირთან ინტეგრაციის კვალდაკვალ, ესეც აიწევს, ვინაიდან ჩვენ რაც უფრო მეტ ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიებს მივიღებთ, მით უფრო თამამი ვიქნებით, ზოგად, საერთაშორისო პოლიტიკურ განცხადებებში. ამიტომ, მეტი – მეტისთვის. რაც მეტ უსაფრთხოების გარანტიას მოგვცემენ საერთაშორისო პარტნიორები, მით უფრო მეტად გვექნება დაცულობის შეგრძნება და ეს სხვადასხვა ინსტრუმენტის ქონის მეტი შესაძლებლობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.