შალვა პაპუაშვილი - გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე და დაიწყონ გამოძიება, ვინ იყო კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში
უკრაინის ხელისუფლებაშია გია ლორთქიფანიძე, რომელმაც დააორგანიზა სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა მდგომარეობის ასარევად, იმის ნაცვლად, რომ გადმოგვცენ ადეიშვილი და ლორთქიფანიძე, ასეთი სახის განცხადებებს ვიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში.
„ესეც ერთი შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აერია მდგომარეობა, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, ახლა ეს რაზეც მეტყველებს გასაგებია, ხომ? ნაცვლად იმისა, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს, ქცევებს. სინამდვილეში, თუკი რაიმე მოლოდინი უნდა გვქონდეს, მოლოდინი არის ასეთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო კიდევ ჩართული, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩართული სააკაშვილის შემოპარვაში, გასაგებია, რომ მას არ აქვს კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ. ვხედავთ და ღიად ჩანს, ვინ იყო და რჩება მისი ამ ქცევის პოლიტიკურ მხარდამჭერად. ვხედავთ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლომდე არიან გადაფარებული სააკაშვილს, არა იმიტომ, რომ მის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიები ან მხარდაჭერა აქვთ. სააკაშვილი არის ინსტრუმენტი და სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენება უნდოდათ შარშან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, რათა აერიათ მდგომარეობა საქართველოში.
ყველა ხვდება, რა იყო მისი ჩუმად შემოპარვის მიზანი, რომ აერია ვითარება, შემდეგ ყოფილიყო დაპირისპირება და შემდეგ ვისი ტანკი იდგებოდა საქართველოს ქუჩებში, ვისი ტყვია გაისროდა, ეს აღარავინ იცის. ჩვენ მაშინ გაგვწირა ყველამ, ვინც მიხეილ სააკაშვილს ხელს ართმევდნენ და მასთან ერთად კონფერენციებსა და სემინარებს ატარებდნენ. ამით აგულიანებდნენ მის ასეთ ქცევას, რომ, საბოლოო ჯამში, შემოპარულიყო საქართველოში; გაგვწირა, მათ შორის, ჩვენმა ოპოზიციამ, რომელმაც თუ ვინმემ იცოდა და არაფერი თქვა ან ამის შემდეგ არ დაგმო; გაგვწირა, მათ შორის, არასამთავროობო სექტორმა, ამაზე დღემდე ხმას არ იღებს არავინ. ერთადერთი, რამაც ჩვენი ქვეყანა ამ არეულობას გადაარჩინა, არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც დროულად გამოავლინა მიხეილ სააკაშვილი და, შესაბამისად, შეიყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„ვერ გეტყვით, სამწუხაროდ, რთულია, წინასწარ განვჭვრიტოთ საქართველოს პრეზიდენტის ქცევა. ერთადერთი რამ არის ცხადი, კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც მას მისჯილი აქვს სასჯელი. კითხვის ნიშანი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ მოპყრობა სათანადოა და უმაღლესი სტანდარტის. ეს დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. როდესაც არ არსებობს კითხვის ნიშნები, აქ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არის ის, რომ მიდგომაც უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.