შალვა პაპუაშვილი - სხვაგან რაც ხდება, შემდეგ გადმოდის საქართველოში, მათ შორის უცხოური დაფინანსებით, ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა უნდა ქართულ საზოგადოებას, პროპაგანდა თუ პროპაგანდის არიდება
ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვიხილეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი ორშაბათს იქნება წარმოდგენილი და საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შეთავაზებული.
„გავიდა დრო, რომელიც შევთავაზეთ ოპოზიციას, მათ შორის არასამთავრობო სექტორს, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, არის თუ არა მისაღები ამ სახის პროპაგანდა, ხოლო მისაღები თუ არ არის, როგორია მათი მოსაზრება, რა რეგულაციები შეიძლება იყოს ისეთი, რომ, ერთი მხრივ, უფლებრივად ყველაფერი იყოს დაცული, მეორე მხრივ, არ იქნას დაშვებული პროპაგანდა. ჩვენ ვიხილეთ დუმილი ოპონენტების მხრიდან, რაც, ამ შემთხვევაში, პროპაგანდის მხარდაჭერას ნიშნავს. ეს ყველაფერი ასეც დაფიქსირდება მათ პოლიტიკურ ისტორიაში. რაც შეეხება კანონპროექტს, ორშაბათს იქნება კანონპროექტი წარმოდგენილი. გავდივართ ყველა დეტალს, მათ შორის, საზოგადოება გაიგებს, რა სახის რეგულაციები იქნება შემოთავაზებული და ამის შემდეგაც ღია იქნება პროცესი დისკუსიისთვის, საზოგადოების ჩართულობისთვის.
ჩვენ ვსაუბრობთ ამ პროპაგანდის საფრთხეებზე. ვსაუბრობთ საფრთხეებზე, რომლებიც საზოგადოების წინაშე დგას და სხვა ქვეყნებში უკვე ასრულებული საფრთხეებია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწია გარკვეული განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ტრუიზმად და ბანალობად აღიქმება. მოუწია თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ვხედავთ, რომ დღეს უკვე ბრიტანეთში ეს აღარ არის ბანალობა და პრემიერ-მინისტრის განცხადებებია ამისთვის საჭირო. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან რაც ხდება, შემდეგ გადმოდის ხოლმე საქართველოში, მათ შორის, უცხოური დაფინანსების მხარდაჭერით. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია, რა უნდა ქართულ საზოგადოებას, უნდა ამ ტიპის პროპაგანდის დაშვება თუ პროპაგანდის არიდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.