შალვა პაპუაშვილი - ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს
შალვა პაპუაშვილი - ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს

სინამდვილეში, ამ იდეოლოგიას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან. ის, რასაც „ნაცები“ ებრძვიან, არა „ჩამორჩენილი“ და „რეტროგრადული“, არამედ ზოგადქრისტიანული ღირებულებებია, რომლებიც მოყვასის სიყვარულითაა ნაკარნახევი და რომლებიც ჩვენმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში შეისისხლხორცა და ეროვნულ ღირებულებებად აქცია, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევართა კამპანიას, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან ბიძინა ივანიშვილისთვის გადახდილ მადლობას მოჰყვა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ამიტომ არის „ნაცობა“ არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავს მოხვეული იდეოლოგია.

„ამიტომ პარადოქსია, როდესაც „ნაციონალები“ ამ ღირებულებებს „ევროპის“ სახელით ებრძვიან, რადგან, სინამდვილეში, სწორედ ესაა ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ – ქრისტიანულ სიკეთეზე აღმოცენებული საზოგადოება, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა, შევიწროება, დაცინვა, ამპარტავნება – ანუ ყველაფერი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მიმდევრები განასახიერებენ.

ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ გმირები იყვნენ, დღეს „მოღალატეებად“ იქცნენ – მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაცების“ სულისკვეთება არ გაიზიარეს.

საქართველოსთვის ამაში ახალი არაფერია. საუკუნის წინ ასევე გარედან იმპლანტირებული ბოლშევიკებიც ზუსტად ამას ცდილობდნენ. ამიტომ ჯერ ჩარეცხეს და შემდეგ გაანადგურეს ინტელექტუალური ელიტა, ამიტომ ებრძოდნენ ეკლესიას, ამიტომ იყო მათი დედაქალაქი სხვაგან და არა – საქართველოში.

ამიტომ არის „ნაცობა“ არა იმდენად პარტიული კუთვნილება, რამდენადაც ბოლშევიზმივით გარედან თავს მოხვეული იდეოლოგია; ამიტომ არის, რომ რაც უნდა ეცადონ კონსტრუქციების გადალაგებას, პარტიების დაშლა-აწყობას, მედიების გაყოფა-შერწყმას, „ენჯეოების“ სახელების გადარქმევას, ბოლოს მაინც ერთი პოლიტიკური ფრანკენშტეინი გამოსდით, რომელსაც, მართალია, აქვს ხელიც, ფეხიც, ცხვირიც ადამიანს მიუგავს, მაგრამ მას არ აქვს ადამიანური სული, ხელოვნური და უცხოა.

ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები სინამდვილეში რეფერენდუმი იმაზე, გვინდა თუ არა დავრჩეთ საზოგადოებად, სადაც:

– მადლიერება ქცევის ნორმაა
– სადაც ეკლესია საზოგადოების შეკავშირების ძალაა
– სადაც ვუფრთხილდებით მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტებს
– სადაც ყველა ქართველი შენიანია და არა მხოლოდ ის, ვინც შენს ბაბლშია
– სადაც ძალადობა და შევიწროება, დაცინვა და ზიზღი უარყოფილია.

ამიტომ არის 26 ოქტომბრის არჩევნები იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა არის საქართველო“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.