შალვა პაპუაშვილი - ევროპული პერსპექტივის მიღება არის მიღწევა, რადგან გადავდივართ სხვა ეტაპზე, როგორც კი პირობები შესრულდება, კანდიდატობა მოგვენიჭება
შალვა პაპუაშვილი - ევროპული პერსპექტივის მიღება არის მიღწევა, რადგან გადავდივართ სხვა ეტაპზე, როგორც კი პირობები შესრულდება, კანდიდატობა მოგვენიჭება

დღეს ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რაც არის მიღწევა და მნიშვნელოვანი, რადგან სხვა ეტაპზე გადავდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი პირობები შესრულდება, საქართველოს უპირობო კანდიდატობა მიენიჭება.

„ევროკომისიამ განაცხადა, რომ ექსტრაორდინალური სიტუაციაა და სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა აქტიურად იბრძვის საკუთარი ევროპული მომავლისთვის, ამის დაფასება ხდება, მაგრამ ვნახეთ, რომ ესეც პირობითი იყო. რა თქმა უნდა, ევროპა საკუთარი მიდგომის ერთგული რჩება, რომ დამსახურების მიხედვით უნდა იყოს კანდიდატობის სტატუსიც და შემდეგ გაწევრიანებაც, რაც რთული პროცესია. რაც შეეხება საქართველოს, საკვირველი მიდგომაა, რამდენად თვითგვემის რეჟიმში ვარდებიან და ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ ამ მდგომარეობაში ჩვენი საზოგადოება ჩააყენონ. როცა ასოცირების შეთანხმება მზადდებოდა და ხელი უნდა მოწეროდა, რათა მასში ევროპული პერსპექტივა ყოფილიყო, დიდი შრომა და ბრძოლა იყო. სამწუხაროდ, იმ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა ვერ მივიღეთ. დღეს სწორედ ევროპული პერსპექტივა მივიღეთ, რაც არის მიღწევა და მნიშვნელოვანი, რადგან სხვა ეტაპზე გადავდივართ.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სამივე ქვეყნის მიმართ მთლიანი გადაწყვეტილება პირობითია. ჩვენთვის კანდიდატის სტატუსიც რომ მოენიჭებინათ, ის პირობები ისედაც იქნებოდა დასაკმაყოფილებული. როგორც კი პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობა მოგვენიჭება. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინაა. თუ მთავარ წარმატებაზე ვსაუბრობთ, მთავარი წარმატება ჩვენი ევროკავშირში წევრობაა. სხვა დანარჩენი გზაა ევროკავშირში წევრობისკენ, ამიტომ რა თქმა უნდა, ევროპული პერსპექტივა ერთი ნაბიჯია, რაც ამ პერსპექტივას გვაახლოებს. პირობები შესასრულებელი ისედაც იქნებოდა, სტატუსი რომც გვქონოდა. როგორც კი, პირობები შესრულდება, უპირობო კანდიდატობას მივიღებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.