შალვა პაპუაშვილი - „ევროპულ საქართველოს“ სურს, ევროკავშირის საკითხით ისე არიოს ვითარება, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში
„ევროპულ საქართველოს“ სურს, ევროკავშირის საკითხით ისე არიოს ვითარება, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „ხელისუფლება პროდასავლური არ არის და თუ არ შეიცვლება ხელისუფლება პროდასავლური რეჟიმით, კანდიდატის სტატუსი ვერაფერს უშველის“.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „ევროპული საქართველოსთვის“ ევროკავშირი მხოლოდ ერთი რამით არის საინტერესო, რომ კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იყოს, როგორც ინსტრუმენტი ვითარების არევისა და დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლების მოპოვებისთვის.
„„ევროპული საქართველო“ 2012 წლამდე ხელისუფლებაში იმყოფებოდა და ვერც კი შეძლო, რომ ასოცირების შეთანხმება ბოლომდე მიეყვანა და ხელი მოეწერა. პირიქით, წინააღმდგებობას უწევდა ზუსტად ევროპული ინტეგრაციის გზას. ასეთი პოლიტიკური ძალებისგან ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი გამოყენებულია ინსტრუმენტად ხელისუფლებისთვის ბრძოლისთვის. ეს არის მთავარი გამოწვევა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირს აქვს, რომ რიგ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელთაც, სამწუხაროდ, მფარველები ჰყავთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში და თანამებრძოლები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში, ეს პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში ევროპას ინსტრუმენტად იყენებენ ხელისუფლების შეცვლისთვის. ანუ, პროექტი, რომელიც არის მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტი, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ძალების დამსახურებით საქართველოში ითარგმნება, როგორც შუღლის, ბრძოლისა და ძალაუფლების საკითხები.
„ევროპულ საქართველოს“ სურს, ევროკავშირის საკითხით ისე არიოს ვითარება, რომ თავად მოვიდეს ხელისუფლებაში. აქ პროდასავლურობაზე საუბარი არ არის. „ევროპული საქართველო“ არის ის ძალა, რომელმაც საქართველოს ვერც ასოცირების შეთანხმება მოუტანა, ვერც ვიზალიბერალიზაცია. საქართველოში ჩამოყალიბებული იყო წამების სისტემა. ასეთი რეჟიმის წარმომადგენლები არიან და მათთვის ევროპა არანაირ ფასეულობას და ღირებულებას არ წარმოადგენს. მათთვის ევროკავშირი მხოლოდ ერთი რამით არის საინტერესო, რომ კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იყოს, როგორც ინსტრუმენტი ვითარების არევისა და დემოკრატიის გვერდის ავლით ძალაუფლების მოპოვებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.