შალვა პაპუაშვილი ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ევროპისა და კლიმატის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ანა ლიურმანს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა გერმანულ მხარეს ეროვნული დღესასწაული – გაერთიანების დღეს მიულოცა და გერმანელ ხალხს კეთილდღეობა და მშვიდობიანი განვითარება უსურვა.
ანა ლიურმანის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ გარემოზე, ასევე ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ პროცესებზე. შალვა პაპუაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა ევროკავშირში წევრობის მხრივ საქართველოს პროგრესი და გამოთქვა იმედი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.