შალვა პაპუაშვილი - „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობას
გუშინ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, კანონის უზენაესობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პატრონაჟი და პროექცია, რასაც „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ვხედავთ, არ არის ევროპული ღირებულება. მისივე თქმით, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება.
„ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე ცარიელ სკამს და სახელსა და გვარს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არ არის ევროპული ღირებულება. ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით მძიმე სურათია.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტრიბუნიდან და ვინ იტყვის, თეთრი არის თეთრი, სიმართლე არის სიმართლე, ტყუილი არის ტყუილი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობისა, თუ წარმომავლობისა, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, რომ არ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე, ნებისმიერი ეს ადამიანი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს. რა თქმა უნდა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ტრიბუნიდან იტყვის, ვინაიდან მართლმსაჯულების დაკნინება არის მართლმსაჯულების დაკნინება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე, დარბაზში იდგა ცარიელი სკამი, სადაც ეწერა მიხეილ სააკაშვილი.