შალვა პაპუაშვილი - „ევროპის სახალხო პარტიამ“ და „ალდემაც“ რეზოლუციით დასცინეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის, წამების მსხვერპლებს, მათი სხვა შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის
ქართველმა ხალხმა კარგად უნდა წაიკითხოს „ევროპის სახალხო პარტიის“ და „ალდეს“ რეზოლუცია და იცოდეს, რა ზეწოლის ქვეშ არის საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარში ხელისუფლებაში არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ევროპის სახალხო პარტიამ“ და „ალდემაც“ რეზოლუციით დასცინეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის და წამების მსხვერპლებს.
„ძალიან კარგია, როცა ასეთ რეზოლუციებს იღებენ ეს პოლიტიკური ჯგუფები. ამის წინ იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ მსგავსი რეზოლუცია, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, ახლა „ალდე“ არის. შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტია“, თუ არ ვცდები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარში არის ხელისუფლებაში, სადღაც „ალდეც“ იქნება კოალიციაში ან ხელისუფლებაში. კარგია, ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს და კარგად წაიკითხოს „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციაც და „ალდეს“ რეზოლუციაც, იცოდეს, რა ზეწოლის ქვეშ არის საქართველოს ხელისუფლება ამ ქვეყნების მხრიდან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარში არიან „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, „ალდეს“ სტატისტიკას მოვიძიებ.
ამას გვთხოვენ ჩვენ სინამდვილეში, ეს არის ევროპული ღირებულება ზოგიერთებისთვის, რომ ეხუტებიან ადამიანს, რომელმაც შექმნა წამების სისტემა, ამ ადამიანის თავისუფლებას ითხოვენ, ეს ადამიანი არის მათთვის დემოკრატიის მაგალითი. ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედების გარდა, არაფერი ისეთი არ აჩვენა, რასაც ახლა ეს პარტიები ითხოვენ, ასეთ სასწორზე აყენებენ – ერთ მხარეს არის წამების სისტემის შემქნელი მიხეილ სააკაშვილი, ამას ეხუტებიან, ამას იკრავენ გულში, ამ ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ ევროკავშირის სახელმწიფოები. ხანდახან ხდება გაფერმკრთალება, თითქოს შედგა „იპიპის“ ყრილობა, შედგა ვიღაც პოლიტიკური აქტივისტების, ან „ალდეს“ ვიღაც პოლიტიკური აქტივისტების, აქ შიგნით სხედან პრემიერ-მინისტრები და ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები. რა ევროპა არის ის ევროპა და რა ხელისუფლებებია ევროპაში ის ხელისუფლებები, რა კავშირი აქვს ამ ხელისუფლებებს, „იპიპის“ და „ალდეს“ დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან, რომლებიც ითხოვენ იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომელმაც შექმნა ციხეში გაუპატიურების სისტემა. ეს ხომ ის ევროპა არ არის, რომლის შემოქმედებიც ჩვენ ვართ. ეს ხომ ის ღირებულებები არ არის, რომლებზეც ჩვენ გველაპარაკებიან. ხომ სირცხვილია, როდესაც ანტიდემოკრატიული რეჟიმის ხელმძღვანელის და წამების სისტემის შემქმნელის გათავისუფლებას ითხოვენ. ამიტომ კარგია და მიხარია, რომ განსაკუთრებით ოპოზიციური მედია ამ რეზოლუციებს ასე ტირაჟირებს, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, ასეთ ხალხთან გვაქვს ჩვენ საქმე, ასეთი ხალხი ითხოვს ჩვენგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ეს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ მწამებელი უნდა იყოს თავისუფალი და ციხეში არ უნდა იჯდეს, მეორე აბზაცში გვიყენებს პრეტენზიას არჩევნებთან დაკავშირებით. ფუჭია ასეთი პრეტენზიები, რადგან ხალხს, რომელიც წამებას გახელილი თვალებით უყურებს, არ აინტერესებს ის ტანჯვა, რომელიც ადამიანმა მიიღო საქართველოში. ფაქტობრივად, ამ რეზოლუციით „იპიპიმაც“ და „ალდემაც“ დასცინეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის, წამების მსხვერპლებს. მათი სხვა შეფასებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.