შალვა პაპუაშვილი - ევროპელ კოლეგებს ავუხსენით კანონის საფუძველი, ევროკავშირის წარმომადგენლებთან თანხმობა გვაქვს, რომ ევროკავშირის თანხები ნაწილობრივ არაგამჭვირვალედ იხარჯება
ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრეთ, რა არის კანონის მიზანი. მათ შორის, ამ კანონის ერთ-ერთ საფუძველი არის ის, რომ ევროკავშირის თანხები საქართველოში ნაწილობრივ იხარჯება არაგამჭვირვალედ, არა იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც უნდა იხარჯებოდეს. ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამაზე თანხმობა გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ევროკავშირის ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, თანხმობა არის, რომ გამჭვირვალობა საჭიროა.
„ისინი ეთანხმებიან ჩვენს მოსაზრებას, რომ მართლაც არის პრობლემა გამჭვირვალობის და არა კარგი მიზნებისთვის გარკვეული თანხების გამოყენების. ესეც მოვახსენეთ მათ. ვუთხარით, რომ მათ ხელშია, რომ ეს გამოწვევები და პრობლემები აღმოფხვრან. რაც შეეხება თავად კანონს, მათ აქვთ გარკვეული მოსაზრებები კანონის შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ ვუთხარით, რომ, სამწუხაროდ, ორი თვის განმავლობაში, რაც კანონის არის ინიცირებული, არ გვსმენია და ვერ ვნახეთ სურვილი, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს, ვნახეთ მხოლოდ კლიშეების მიკრობა, რაც არაევროპული ქცევაა. თუ ახლა არის მზაობა, რომ შინაარსობრივი მსჯელობა იყოს და არგუმენტები იყოს წარმოდგენილი, ჩვენ ახლაც მზად ვართ მოსმენისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ბაიბა ბრაჟე, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, მარგუს ცაჰკნა და თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი საქართველოში ჩამოვიდნენ.