შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ცალკეული დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია, სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში ცალკეული დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია, სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი

ვხედავთ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და ამით ყველაფერი ნათქვამია. მიხეილ სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის „მწვანეთა პარტიის“ საპარლამენტო მდივნის, თამარ გუგულაშვილის განცხადებაზე, რომ „ისმის მოწოდებები, ევროკომისიამ გაიწვიოს საქართველოსთვის მიცემული კანდიდატის სტატუსი“.

„ზოგადად, ასეთ შეფასებებს სერიოზულად არ ვუყურებ. ჩვენ ევროპარლამენტში ცალკეულ ევროპარლამენტარებს ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და ამით ყველაფერი ნათქვამია. სააკაშვილის მეგობარი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისგან ქართველი ხალხი კარგს არაფერს ელოდება. მით უმეტეს, ჩვენ რეზოლუციები გვაქვს ნანახი, სადაც პირდაპირ ტყუილსა და დეზინფორმაციას წერდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს ტექსტები შედგენილია ლობისტების მიერ და აქ ეჭვია პოლიტიკური კორუფციის, მათ შორის, რომ პოლიტიკური კორუფციის გავლენით ხდება ასეთი შინაარსის ტექსტების მომზადება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.