შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა
ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კომისია შეაფასებს.
„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, როცა ხდება რამდენიმე დაინტერესებული ჯგუფის მხრიდან პირდაპირ პარტიული პოლიტიკის გატარება, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილისთვის, დავით კეზერაშვილისთვის ხელის დაფარებაზე და ა.შ. სამწუხაროა, რომ ასეთი რამე ხდება, თუმცა ეს პირველად არ ხდება. მთავარია ერთი რამ და ეს დასტური გვაქვს ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან, რომ ევროპარლამენტი არ არის ის სტრუქტურა, რომელიც შეაფასებს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მათ შორის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ვინც შეაფასებს საქართველოს, ეს არის ევროკავშირის კომისია.
გასაგებია, რომ ევროპარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი ინტერესები, სამწუხაროა, რომ ისინი საკუთარ ვიწრო ინტერესებს აყენებენ სხვა ქვეყნის ევროპულ მომავალზე მაღლა. ეს პირველად არ ხდება, შესაბამისად, არ მგონია, ამაში რაიმე განსაკუთრებული იყოს. მათ შორის ვხედავთ, რომ ეს იგივე ხალხია, ვინც გამოირჩევა საქართველოს მიმართ ასეთი არამეგობრული დამოკიდებულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.