შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს - საქართველომ გადადგა ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს - საქართველომ გადადგა ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიმართავს.

მიმართვაში შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. პაპუაშვილი წერს, რომ არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

„ბრიუსელში განხორციელებული ჩემი ვიზიტის ფარგლებში გამართული ჩვენი ბოლოდროინდელი შეხვედრისა და ძალიან კარგი საუბრის შემდეგ, გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, ამ ისტორიულ მომენტში, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე. გწერთ იმის გათვალისწინებითაც, რომ მიმდინარე ოთხშაბათს, ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები საქართველოსთან დაკავშირებით.

მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია.

პირადად მე, ჩემს პარტიას „ქართული ოცნება“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. ჩვენ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამი თვის წინ შევიტანეთ, ამ თვეში კი მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიღაც პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარმოვადგენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და დარწმუნებული ვარ, შემიძლია ჩვენს ევროპულ ბედთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მოსახლეობის ერთიანი ხმის გაჟღერება.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც კი, კომუნიზმისა და საბჭოთა შევიწროების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სახალხო ბრძოლით, ევროპა გახლდათ ის კულტურული და პოლიტიკური სიმბოლო და ვექტორი, რომელიც ამოძრავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1990-იან წლებში გარედან თავს მოხვეული და ხელოვნურად მართული კონფლიქტების დროსაც კი, ეროვნულ დისკურსში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწოდებები უპირატესი იყო სხვა ყველა ალტერნატივასთან შედარებით.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

რაც მთავარია, საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ და მისი დემოკრატიზაციის ისტორია მტკიცედაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობის ინტენსიურად დანერგვა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. ჩვენ ეს საგარეო საფრთხეების მიუხედავად გავაკეთეთ. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ ერთდროულად რამდენიმე რთული მიზნისკენ – ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისკენ, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მშენებლობისა და მუდმივ რუსულ აგრესიასთან გამკლავებისკენ, სვლა. თითოეულ ეტაპზე, ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივები მხოლოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა დემოკრატიულ რეფორმებს.

ჩვენ ევროპასთან ერთად ვაშენებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ საკითხისადმი ერთგულება ჩვენ დავადასტურეთ ერაყში, ავღანეთში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოსოვოსა და ყველგან, სადაც საჭირო იყო და როდესაც მოგვმართეს ევროპულმა პარტნიორებმა. წინა ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ღირებული და სანდო პარტნიორი თავისი პასუხისმგებლიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რომელმაც ხელი შეუწყო კავკასიასა და ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.

ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები. საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის წარმოების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. აღნიშნული ძალისხმევის შედეგად, საქართველო 2017 წლიდან არის ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი; 2017 წლიდან აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში; 2014 წელს ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით და მას შემდეგ განახორციელა აღნიშნული შეთანხმების 45 პროცენტი. ევროკავშირის წევრობის ყველაზე ახლო ასპირანტ ქვეყნებთან – მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში – პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და სექტორული/ეკონომიკური თანამშრომლობა.

უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ.

საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით.

გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს.

საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერი მოწოდებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ასეთ მხარდაჭერას“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.