შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, ყველამ ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს
შალვა პაპუაშვილი - ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, ყველამ ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური, ყველამ ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებში გაწეული საქმისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, ევროპარლამენტს და მათი სახით ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელს იმ საქმისთვის, რომელიც გასწიეს თვითმმართველობის არჩევნების დროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათი მონაწილეობა უზრუნველყოფდა, მათ შორის პოლარიზებულ გარემოში, რომელზეც მათაც ისაუბრეს, შეფასების არსებობის შესაძლებლობას.

ვნახეთ, რომ ეუთო/ოდირის, ისევე, როგორც ევროპარლამენტარების დასკვნა იყო უაღრესად პოზიტიური. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მის მეორე ტურს, მოვისმინეთ, რომ ეს იყო კარგად ადმინისტრირებული და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად კამპანიის წარმოება და ადმინისტრირება იყო გამართული. ვნახეთ შექების სიტყვები საარჩევნო ადმინისტრაციის და ცესკო-ს მიმართ ისევე, როგორც რეფორმირებული კანონმდებლობის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურასთან დაკავშირებით შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური.

„ამასთან, პოზიტიურად შეფასდა ხელახალი დათვლის ის მექანიზმი, რომელიც საარჩევნო რეფორმის შედეგად შემოღებულ იქნა და აღინიშნა, რომ ამან და განსაკუთრებით კი იმ გარემოებამ, რომ ხელახალმა უბნების გადათვლამ​ დაადასტურა არჩევნების შედეგები. ასევე ხაზი გაესვა სიების გამართულობას, ასევე ცესკო-ს პროფესიონალიზმს.

მნიშვნელოვანია ის ნეგატიური საკითხები, რომელსაც ყურადღება დაეთმო. კერძოდ, პოლარიზების პრობლემა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ეს ავნებს ქართულ დემოკრატიას და მნიშვნელოვანია, მისი ხარისხი შემცირდეს. ნეგატიური რიტორიკა, რომლითაც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლები. საუბარი იყო ასევე ორ მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ-ერთზე ჩვენ გვქონდა ამაზე კვლევაც და პრეზენტაციაც, რომ დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყო პირდაპირ მიკერძოებული და წარმოადგენდა ოპოზიციურ პარტიებს. 30 ათასი დამკვირვებლიდან პირდაპირ იდენტიფიცირება გავაკეთეთ და დაახლოებით 8 ათასი დამკვირვებელი წარმოადგენდა 20-ზე მეტ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამასაც ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირმა. სამწუხაროდ,  ჩვენი არასამთავრობოებისთვის არ არის კარგი, რომ ეუთო/ოდირის მხრიდან ანგარიშში ხდება იმის ასახვა, რომ დამკვირვებლები იქცეოდნენ როგორც პარტიის წარმომადგენლები და ამაზე არასამთავრობოებმა შიგნით უნდა იმუშაონ. ასევე მეორე საკითხი არის ტელევიზიების მიკერძოებულობა. ეუთო/ოდირმა კიდევ უფრო დაამძიმა საკუთარი შეფასება, ვიდრე ეს იყო წინა ტურის შუალედურ ანგარიშში და პირდაპირ თქვა, რომ ზოგი ტელევიზია თავისი მიკერძოებით იქცეოდა როგორც ღია პარტიული აქტივისტი.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა შევხედოთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ყველა მის ასპექტში, ეს შეეხება საარჩევნო სისტემას, მედიას, არასამთავრობო სექტორს. ასე რომ, ყველამ ყურადღებით უნდა მიიღოს ეს ანგარიში და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთი გარემოება, რომ ობიქტური საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნის გაცნობამდე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დააანონსა აქციის შესახებ.

„დააანონსა, რომ ისინი აპირებენ აქციის მოწყობას. ესეც აჩვენებს, რომ პოლარიზაცია, მიუღებლობა სხვისი აზრისა და ობიექტური ჭეშმარიტებების აღიარების შეუძლებლობა, რომელიც ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ვნებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. თავისი აღქმებით, დამოკიდებულებებით, სურვილებით ხელმძღვანელობენ და დააანონსეს აქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დამკვირვებლები საუბრობენ, რომ ბრალდებებმა, რომელიც ისმოდა დაშინებასთან, შევიწროებასთან დაკავშირებით, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია წინასაარჩევნო გარემოზე.

„რაც შეეხება ნეგატიურ აქცენტებს, მათ პრესკონფერენციაზეც გაუსვეს ხაზი, რომ საუბრობენ ბრალდებებზე, რომელიც ისმის დაშინებასთან, შევიწროებასთან დაკავშირებით. ისინი არ საუბრობენ ფაქტებზე, ისინი არ საუბრობენ რაღაც ასე იყო, თუ არ იყო. საუბრობენ, რომ ამ ბრალდებებმა, რომელიც ისმოდა, გარკვეული ნეგატიური ეფექტი იქონია წინასაარჩევნო გარემოზე. ხშირად ხდება მათი დასკვნების ინტერპრეტაცია, მათ სპეციალურად ხაზიც კი გაუსვეს, რომ ისინი ფაქტებს ამტკიცებენ, ამბობენ, რომ არსებობს ბრალდებები და ამ ბრალდებების არსებობა არის ნეგატიური. თქვენ თუ შეხედავთ პირველი ტურის შემდეგ გაკეთებულ შუალედურ დასკვნას და შემდეგ დღევანდელს, ნახავთ, რომ დასკვნაში აღარ არის საუბარი ბრალდებებზე, რომელიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ანუ ამ კუთხით დასკვნა შემსუბუქებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა დღეს, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა.