შალვა პაპუაშვილი - ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა - დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა - თვალთმაქცობა, ხელის შეშველებაა და არა - ფეხის დადება, სულიერებაა და არა - უღმერთობა
შალვა პაპუაშვილი - ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა - დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა - თვალთმაქცობა, ხელის შეშველებაა და არა - ფეხის დადება, სულიერებაა და არა - უღმერთობა

ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა – დაქვემდებარება, სიმართლეა და არა – თვალთმაქცობა, ხელის შეშველებაა და არა – ფეხის დადება, სულიერებაა და არა – უღმერთობა,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ქვეყნის მიმართ ფარისევლობა მაშინვე დასრულდება, როდესაც შინ და გარეთ ყველა დაინახავს, სად დგას რეალურად ქართველი ხალხი.

„ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა შინ და გარეთ დაინახავს, სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით.

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, საქართველოს მილიონამდე მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე“, –  აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.