შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასებით, უკუსვლა მხოლოდ ერთ თავშია, რისი მიზეზიც არის გენდერული კვოტირების გაუქმება, გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების კანონის მიღება
ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის მანძილზე საქართველომ კარგი პროგრესი 12 თავზე დააფიქსირა, ხოლო გარკვეული პროგრესი – 13 თავზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გათვალისწინებით ევროკავშირთან საკითხებზე საუბარი გაგრძელდება.
„ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებას და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს გენდერული კვოტირების გაუქმებას, „გამჭვირვალობის კანონის“ და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას და ლგბტ პრაიდის ვერჩატარებას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინას და მოლდოვას შეფასებისა, ხოლო „ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში“, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უკრაინასაც უსწრებს და მოლდოვასაც.
გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონებზე ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთთანხმობა რომ არ აქვს, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლე არ არის. ეს კანონები არჩევნებზეც ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, რაზეც ჩვენმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე ევროკავშირთან საუბარს საქართველოს მოქალაქეების ამ პოზიციის გათვალისწინებით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.