შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის შეფასება ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან უნდა გამხდარიყო კანდიდატი სახელმწიფო
ევროკომისიის შეფასება ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან უნდა გამხდარიყო კანდიდატი სახელმწიფო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკავშირში წევრობის კითხვარის მეორე ნაწილზე ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასებით, საქართველო ტრიოს ქვეყნებში საუკეთესოა საკითხების ექვსი ჯგუფიდან სამში, მათ შორის ყველაზე მთავარ, ე.წ. ფუნდამენტური სფეროების ჯგუფში. ეს შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო შარშან, ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო.
ამასთან, ეს შეფასება ასევე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ ქართველებზე, რომლებიც მაშინ და დღესაც, სიტყვით და წერილობით, შიგნით და გარეთ გვიმტკიცებენ ჩვენ და უმტკიცებენ ევროკავშირს, როგორ არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. არადა, ამ ანგარიშთან ერთად, მხოლოდ ბოლო დღეებში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით:
კორუფციის აღქმის ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის ცხრა და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას.
ადამიანის თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ ყველა კანდიდატს, ევროკავშირის სამ და ნატო-ს შვიდ წევრ ქვეყანას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.