შალვა პაპუაშვილი - ევროკომისიის გადაწყვეტილებამ განამტკიცა ჩვენი ღრმა რწმენა, რომ თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის ბრძოლა უშედეგო არ ყოფილა და მივაღწევთ ევროპისკენ ჩვენი გზის ლოგიკურ დასასრულს
ევროკომისიამ ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში წევრობის მსურველ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, მივესალმები და ვაფასებ კომისიის დადებით შეფასებას და რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ ისტორიული რეკომენდაციით, ევროკავშირმა შეუქცევადად აღიარა საქართველოს მომავალი, როგორც ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი და დაადასტურა ევროპის ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ერის ევროპული მისწრაფებების მიმართ.
„გადაწყვეტილებამ განამტკიცა ჩვენი ღრმა რწმენა, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის უშედეგო არ ყოფილა და ჩვენ მივაღწევთ ევროპისკენ ჩვენი გზის ლოგიკურ დასასრულს. ჩვენ ახლა გვჯერა, რომ საქმეს, რომელიც დაიწყო ასზე მეტი წლის წინ, პირველი ქართული რესპუბლიკით და გააგრძელეს 1989 წლის 9 აპრილის გმირებმა, ექნება ღირსეული დასასრული. ძალიან სიმბოლურია, რომ კომისიის ანგარიშის გამოქვეყნება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორიული ჩემპიონის, ილია ჭავჭავაძის იუბილეს დაემთხვა. დღევანდელი გადაწყვეტილება უფრო დიდ სანდოობას ანიჭებს დასავლეთისკენ მიმავალ დიდებულ გზას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიწყო“, – წერს პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის გადაწყვეტილება არის ძლიერი პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე.
„ეს გზავნის გზავნილს, რომ საქართველო მარტო არ არის და რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები დგანან ჩვენ გვერდით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილების პირველი ნაბიჯი კავკასიაში ევროპის დასაყრდენის დასამკვიდრებლად. ეს დღე მყარ საფუძველს ქმნის საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ევროკომისიის გადაწყვეტილება ეკუთვნის აფხაზ და ოს ძმებსა, დებს და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც აფასებს ჩვენი ერის ევროპულ მომავალს.ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. გასულ წელს ევროკავშირის ორაზროვანმა გადაწყვეტილებამ საქართველოს არაკეთილისმსურველებს საბაბი მისცა უღირსი სპეკულაციების გავრცელების, მაგრამ სიმართლე ითქვა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ ლიდერები ევროსაბჭოს დეკემბრის სამიტზე დაამტკიცებენ დღევანდელ გადაწყვეტილებას. ჩვენი ხელისუფლების ყველა შტო ბევრს მუშაობდა ევროკავშირის ჩვენი დღის წესრიგიდან გამომდინარე, სპეკულაციების დასასრულებლად და ამ მცდელობებმა დღეს პირველი ნაყოფი გამოიღო. ძალიან მადლობელი ვარ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების, ყველა საჯარო მოხელის, მეგობრისა და პარტნიორის ევროპასა და მთელ მსოფლიოში მათი დაუღალავი ძალისხმევისთვის, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში“, – წერს პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კომისიის რეკომენდაციით სრულდება პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპი.
„ეს ასევე არის ევროკავშირის რეალური წევრობისკენ გრძელი გზის დასაწყისი, რისთვისაც ჩვენი მოქალაქეების პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და პატრიოტიზმი აუცილებელი წინაპირობაა. ეს გზა ყველასთვის ღიაა ჩვენთან ერთად მოგზაურობისთვის, ყველა მათგანისთვის ვისაც ეს სურს და სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროპულ მომავალში. დღევანდელი დღე იქნება საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებების, კულტურის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიანობის ძლიერი სიმბოლო. საქართველო ევროკავშირის მომავალი წევრია“, – წერს პაპუაშვილი.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.