საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში კვალიფიციურ უმრავლესობასა და ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციურ მოადგილესთან დაკავშირებული საკითხი მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რეგულაცია იყო, რაზეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მაშინვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ეს რეგულაცია ხარვეზიანი და არაფრისმომცემი იყო.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული რეგულაცია გაიწერა საარჩევნო კოდექსში, თუმცა შემდეგ 19 აპრილის შეთანხმება გაუქმდა.
„რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას და ამ წესს, პირადად მე ვერ ვნახე ვერცერთი ადამიანი, ვისაც შემიძლია, დაველაპარაკო ამ რეგულირების შინაარსზე. სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც მანკიერი წრე, რომელიც შემდეგი სახისაა – თავის დროზე, ევროკავშირის მედიაციით, 19 აპრილს მოეწერა შეთანხმებას ხელი, სადაც ეწერა საკითხი კვალიფიციური უმრავლესობისა და ოპოზიციური მოადგილისა. ახლახან ცხრა პუნქტზე რომ გვქონდა მსჯელობა, ოპოზიციას კიდევ ერთხელ ვუთხარი, თქვენ, ყველანი იმყოფებოდით მედიაციის პროცესში შეხვედრებზე, იცით, რომ მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრებს, გაიხსენეთ, რომელი თქვენგანის წინადადება და იდეა იყო, როგორ წარმოიშვა ეს იდეა კვალიფიციურ უმრავლესობასა და ოპოზიციურ მოადგილეზე, თქვენგან ვინმეს წინადადება იყო? არავისი. ეს იყო მედიატორის მხრიდან ჩამოწერილი რაღაც რეგულაცია, რომელზეც ჩვენ იქვე ვუთხარით, რომ იყო აბსოლუტურად ხარვეზიანი და არაფრისმომცემი რეგულაცია. გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო. ყალბი კამპანიის ფონზე, რომელშიც ჩართული იყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პარალელური დათვლებით, ზოგიერთი უცხოელი აქტორი არჩევნების შედეგებზე თავდასხმით, ოპოზიცია არ იღებდა მანდატებს, მათ შორის ითხოვდა მანდატების შეჩერებას და ჩვენ მათ ძალით დავუტოვეთ ეს მანდატები. დღეს იმიტომ სხედან პარლამენტში, რომ ჩვენ მაშინ არ მივაჭირეთ ღილაკს თითი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ინსტიტუციის, პარლამენტის ინტერესებით ვმოქმედებდით და 19 აპრილის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს რეგულაცია გაიწერა საარჩევნო კოდექსში, თუმცა შემდეგ 19 აპრილის შეთანხმება გაუქმდა, აღარ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისია 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად მოქმედებისკენ მიუთითებს, თუმცა ეს შეთანხმება უკვე აღარ არსებობს.
„ახლა, როდესაც ვეკითხებით ევროკავშირს, როგორ მოვიქცეთ, ისინი გვეუბნებიან, მოიქეცით ისე, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნება. ვენეციის კომისიას რომ ვკითხეთ, როგორც მოვიქცეთ, ისინი ამბობენ, მოიქეცით ისე, როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, ჩვენ ვერაფერს გეუბნებით. თავისი აზრი იქ საერთოდ არ უწერია ვენეციის კომისიას. ერთადერთი, რაც წერია, არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმება გქონიათ, შეთანხმებულხართ პარტიები და თუ გაქვთ ეს შეთანხმება, მაშინ მიჰყევით ამ შეთანხმებას. ვენეციის კომისიის ექსპერტების ხარვეზია, რომ მიუთითებენ არარსებულ შეთანხმებაზე. 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს. ამაზე მითითება იგივეა, თქვენ რომ სამსახურიდან წახვიდეთ და თქვენმა დამსაქმებელმა მიგითითოთ ძველ ხელშეკრულებაზე, რომელიც აღარ არსებობს. არარსებული ხელშეკრულებაა. ამიტომ ამაზე მითითება არის უკვე ამ დასკვნის საექსპერტო ხარვეზი, ეს ერთი; და მეორე, 19 აპრილის შეთანხმებაზე ჩაჭიდება არის უბრალოდ რადიკალებისთვის წისქვილზე წყლის დასხმა.
ყველა ინსტიტუტი, ყველა ქვეყანა, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ კონსენსუსით, ჯერ თავად მიიღონ კონსენსუსებით გადაწყვეტილება. არცერთ ქვეყანაში არ იღებენ. ევროკავშირს ჰყავს 27 წევრი ქვეყანა, ჯერ თავისთან დაამკვიდრონ და კონსენსუსით მიიღონ გადაწყვეტილებები, ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებიან და საერთოდ მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, შემდეგ ჩვენ მოგვიწოდონ. საქართველო არ არის ექსპერიმენტებისთვის ლაბორატორია. ორი წელი ეს ლაბორატორია იყო, ქართველმა ხალხმა თავის კანზე იგრძნო, რომ ვართ ექსპერიმენტის ქვეშ. ეს ექსპერიმენტი არ მუშაობს. ყველასთან, ვისაც უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაც საცდელი ცხოველის რანგში, ბოდიში მოგვითხოვია. ჯერ თავის ქვეყანაში დაამკვიდრონ ეს კონსენსუსები და შემდეგ ჩვენ გველაპარაკონ. ჩვენ აქ არ ვართ სხვადასხვა ხარისხის საზოგადოებები. ვერ გამიგია, ის, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის კარგი, რატომ არის ცუდი საქართველოსთვის და რაც არის კარგი საქართველოსთვის, რატომ უნდა იყოს ეს ცუდი ევროკავშირისთვის?
მთავარი პრობლემა ისაა, რომ, სინამდვილეში, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც მქონია ამაზე საუბარი, არავინ არ არის კომპეტენტური, რომ შინაარსობრივად გესაუბროს, 2/3 კარგია თუ ცუდია, ოპოზიციური მოადგილე კარგია თუ ცუდი. სინამდვილეში, ვერავინ ვნახე, უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი, მათ შორის, ოპოზიციასთან ახლა შეხვედრა რომ გვქონდა ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, იქაც ვისაუბრეთ ოპოზიციურ მოადგილეზე და ვკითხე, აბა, რომელი თქვენგანის იდეა იყო, გაიხსენეთ, როგორ წარმოიშვა ეს იდეა? ვერავინ გაიხსენა, რადგან ფურცელზე დაწერა მედიატორმა. ამიტომ, წავიდეთ, ვკითხოთ მედიატორს, იმას საიდან მოუვიდა ეს აზრი; მეორე – როცა ვსაუბრობთ, რამდენად გონივრულია, რომ პარტიული ადამიანი გაუძღვეს ცესკო-ს, ყველას ეცინება ოპოზიციის მხრიდან, უკვე არასერიოზულობამდეა დასული ეს. როდესაც ველაპარაკებით შემდეგ ვინმე უცხოელ აქტორებს, ისინი გვეუბნებიან 19 აპრილის შეთანხმება, ვენეციის კომისია. ჩვენ მოვითხოვთ სერიოზულ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და არა მითითებებს რაღაც შეთანხმებებზე. გვითხრან, ვინმემ ახსნას ლოგიკურად, რატომ უნდა იყოს ასეთი სისტემა, რომ ოპოზიციური, თან როგორი ოპოზიციური, „ლელოს“ წარმომადგენელმა უნდა ჩაატაროს არჩევნები. შესაბამისად, მე უკვე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, თავის დროზე რატომ ჩაიდო ეს შეთანხმებაში. მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ჩიხი. ორი წელია, გამართლდა ჩვენი სიტყვა და ეს არის ჩიხი. რატომ მოგვიწოდებს ზოგიერთი, რომ ეს ჩიხი გაგრძელდეს? ჩვენ რამდენიმე თვეში უნდა გვქონდეს არჩევნები, შესაბამისად, ყველა, ვინც მოგვიწოდებს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა და ოპოზიციური მოადგილის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულება დავტოვოთ, მოგვიწოდებს, დავრჩეთ ჩიხში და არჩევნებს შევხვდეთ ჩიხით. ამიტომ, კითხვა ახლა ეკუთვნის მას, ვინც ამას მოგვიწოდებს. რა არის მათი მოტივაცია, რატომ გვაყენებენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც წინსწრებით მოხდება არჩევნების დისკრედიტირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.